რეზონანსი
22.04.2024

სააკაშვილის გათავისუფლება ზუსტად იყო კავშირში იმასთან, რომ დაპაუზებულიყო ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოს პარტნიორების მკაცრი შეფასებები უჩენს საზოგადოებას განცდას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ევროკავშირისკენ წინსვლა.

„გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაცია რა მასშტაბზე იყო ასული და ჩვენი პარტნიორები როგორ გვთხოვდნენ, რომ გაგვეთავისუფლებინა ის სასჯელისგან. გვთხოვდნენ, რომ პირდაპირ შეურაცხყოფა მიგვეყენებინა კანონის უზენაესობისთვის. კანონის უზენაესობასა და გამჭვირვალობის პრინციპს აქვს ერთი საერთო - ორივე ფუნდამენტია ევროპული ღირებულებების. ჩვენ მაშინ დავდექით კანონის უზენაესობის მხარეს და არ მივეცით შესაძლებლობა, რომ გასტრონომიული ფალსიფიკაციის გამო მიხეილ სააკაშვილს აერიდებინა ის სასჯელი, რომელიც დამსახურებულად მიუზღო მას ქართულმა სასამართლოებმა.

საბოლოო ჯამში, ეს გამოწვევა, ვინ იყო მართალი, ჩავაბარეთ სტრასბურგის სასამართლოში როდესაც იქ არაერთი საქმე იყო, რომელშიც დამარცხდა მიხეილ სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობაც". ევროპულმა სასამართლომ ამხილა ისინი საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოებულ მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიაში. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ ამ ყველაფერს და ყველას ეღიარებინა, რომ ჩვენ სიმართლე დავიცავით, დავიცავით კანონის უზენაესობა და ამით დავიცავით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც.

სააკაშვილის გათავისუფლება ზუსტად იყო კავშირში იმასთან, რომ დაპაუზებულიყო ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. გავიხსენოთ მისი შეგირდები, ასეთ დროს რომელ მხარეს იდგნენ. ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოს დაახლოებას ევროპასთან, თუ პირიქით. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ ძირი გამოეთხარათ, მაგრამ ამით მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას გამოუთხარეს ძირი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილებაც და ესეც, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას, საბოლოო ჯამში", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×