რეზონანსი
22.04.2024

ვიღაცებს უნდათ, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რაც შეიძლება მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ერთი მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას და მეორე მხრივ, ოჯახური ღირებულებების დაცვას.

“აქტუალური საკითხებიდან, მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს, როგორც ბატონმა შალვამ ბრძანა, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომლებიც ვიღაცას უნდა თანამედროვე ტრენდად, თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს. მაშინ, როდესაც 2017 წელს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპის, სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი გამორჩეული დამოკიდებულება.ერთი მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას, ერთი მხრივ, ვერავინ დაგვიწუნებს იმ ტრადიციას, რომელსაც ჰქვია, ნებისმიერი განსხვავებული ცხოვრების წესის, ნებისმიერი განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რამდენად ვიცავდით ყოველთვის და არა ბოლო წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში ყველას უფლებას. მეორე მხრივ, რამდენად იცავდა ყოველთვის ქართველი კაცი და ქალი თავის ოჯახურ ტრადიციებს და ოჯახურ ღირებულებებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, უმცირესობის წარმომადგენლობა, არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართ რაიმე სხვანაირი დამოკიდებულების საფუძველი.

დღეს, როდესაც ვიღაცებს უნდათ, რომ შემოგვასაღონ საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არის ჩვენი, ტრადიციული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ, რაც შეიძლება მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან – არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არავის აინტერესებს, არცერთ ჩვენგანს, მე დარწმუნებული ვარ, არცერთ ადამიანს, ვინც ამ დარბაზშია, ამ ქვეყანაში უმრავლესობის დიდ უმრავლესობას, ვინ რა ცხოვრების წესით ცხოვრობს, ჩვენ ამ ნაწილშიც უნდა ვიყოთ შეუვალები, და არავითარ შემთხვევაში რაიმე სახის განსხვავება, უმცირესობის წარმომადგენლობა, არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართ რაიმე სხვანაირი დამოკიდებულების, არათუ უფლებების შელახვის, ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულების საფუძველიც კი.

ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად, უნდა დავიცვათ ერთნაირად და ყველას უფლება უნდა დავიცვათ უპირატესად, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ქვეყნის მომავალი დავიცვათ, ჩვენი ოჯახური ღირებულებები დავიცვათ. დავიცვათ ჩვენი არასრულწლოვანები, რომლებზეც არა ჩვენმა რაღაცა შეფასებებმა, არამედ კვლევებმა, მაგალითად გელაპის კვლევა არსებობს, რომელმაც დაადასტურა, რომ არატრადიციული წესის პროპაგანდა თავის გავლენას ახდენს, ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც მოგვიფიქრებია, მაგრამ დაადასტურა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებმა. შესაბამისად ამისა, თუ ჩვენ ამ ორ რაღაცას ერთმანეთისგან მკაცრად, მყარად, მტკიცედ გავმიჯნავთ, ჩვენ მართლები ვიქნებით ნებისმიერი ადამიანის წინაშე, რომ მათ უფლებებს დავიცვათ, და მათი ინტერესიც ამაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერის უფლება იყოს დაცული და ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ამავე დროს დავიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×