რეზონანსი
04.04.2024

კანონპროექტის მიხედვით, ერთადერთი ვალდებულება აქვთ მხოლოდ „ენჯეოებსა" და მედია საშუალებებს, რომლებიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტს იღებენ, რომ ყოველი წლის იანვარში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაცია შეავსონ. ეს რატომ არის რუსული ვინმემ დედამიწის ზურგზე მოიფიქროს და რასაც გვთხოვენ იმას გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „კაგებეშნიკური" მეთოდებით ფიქრობს ის ოპოზიციონერი თუ პარტია, ვინც თვლის, რომ ისინი დააბრალებენ მმართველ გუნდს რაღაცას და მმართველმა გუნდმა ამაზე თავი უნდა იმართლოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, ისევ იგივე კამპანიის წამოწყება სცადეს, თუმცა, უკვე აღარ გამოსდით ერთი მთავარი მიზეზიდან გამომდინარე - „რუსული კანონი" ეს არის ბრენდინგი, რომელსაც ეწოდება საუკუნის აფიორა, რადგან კანონები, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, კანონი, რომელიც დაინიცირებულია ევროკავშირში და ევროდირექტივას წარმოადგენს, თან გაცილებით მკაცრი დათქმებით, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში, ამას უწოდებენ რუსულ კანონს. „კაგებეშნიკური" მეთოდია, რომ მე შენ რაღაცას დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე, რატომ არ ხარ ის, რაც დაგაბრალე. ვინც ეს თქვა, ვინც არ უნდა იყოს, ის ადამიანი და პოლიტიკური ჯგუფი ფიქრობს „კაგებეშნიკური" მეთოდებით, რომ ისინი დააბრალებენ მმართველ გუნდს რაღაცას და მმართველმა გუნდმა უნდა იმართლოს თავი. ამ კანონპროექტის მიხედვით ერთადერთი ვალდებულება აქვს მხოლოდ ენჯეოებსა და მედია საშუალებებს, რომლებიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტს იღებენ, რომ ყოველი წლის იანვარში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაცია შეავსონ. ეს რატომ არის რუსული ვინმემ დედამიწის ზურგზე მოიფიქროს და რასაც გვთხოვენ იმას გავაკეთებთ, მართლა. მაშინ ჩვენ ყველანი რუსულად ვიქცევით, ოპოზიციაც, ჩვენც, როცა ყოველი წლის დასაწყისში წინა წლის შესახებ დეკლარაციას ვავსებთ და თითოეულ თეთრს ვწერთ იქ. ლარი და ორი ლარი ვინმეს რომ შეეშალოს, ისინი ჯარიმდებიან. რატომ არის დეკლარაციის შევსება რუსული, ვინმემ გაგვცეს პასუხი", - აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×