რეზონანსი
04.04.2024

პარლამენტში უკვე ინიციირებულია კანონპროექტი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ - მისი მიღების შემთხვევაში, არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს, ქალსა და მამაკაცს, ან - ჰეტეროსექსუალ ადამიანს.

კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა. იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის "პოპულარიზაციისკენ არის მიმართული."

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში.

"მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო ყველა ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს შემდეგი წინადადებით, რომ ყველამ დაასახელოს თითო წარმომადგენელ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. ზოგადად, წესი არის, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობის და ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლობა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციიდან არ არის საკმარისი წარმომადგენლობა, შეიძლება, ეს ბალანსი არც იყოს დაცული. მივმართავ ოპოზიციას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კომისიის ამოცანა არის საზოგადოებასთან, მათ შორის რეგიონებში, შეხვედრების ორგანიზება და ამ კანონპროექტის გაცნობა. საზოგადოებისგან აზრის მოსმენა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციას, ოპოზიციას განსაკუთრებით, რომ ჩაერთონ და დაასახელონ თითო წარმომადგენელი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს მაქსიმუმ ერთი კვირა, რომ ხელმოწერები გადაამოწმოს, ამავე დროს მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც შემდეგ სასესიო კვირაში განვიხილავთ, შევქმნით საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ექნება ერთი თვე, რომ ჩაატაროს შეხვედრები. ბოლოს უკვე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოახსენებს პარლამენტს, რა არის შედეგები ამ განხილვების და უკვე პარლამენტი კომიტეტებისა და პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს ამ კანონპროექტს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ მათი ოპონენტები ჩიხში არიან შესულები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×