რეზონანსი
31.03.2024

დონალდ ტრამპის გუნდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მილიონობით ქრისტიანის წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს „ტრანსგენდერების ხილვადობის დღედ“ 31 მარტის გამოცხადების გამო, რომელიც წელს კათოლიკური ეკლესიისთვის აღდგომაა, – ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ „აღდგომის კვირის ტრანსგენდერთა ხილვადობს დღედ ფორმალურად გამოცხადება“ არის „საზარელი და შეურაცხმყოფელი“.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, პრეზიდენტის ეს „გადაწყვეტილება არის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ქრისტიანული რწმენაზე მრავალწლიანი თავდასხმის მაგალითი“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჯო ბაიდენის წარუმატებელ კამპანიას და თეთრ სახლს, მოიხადონ ბოდიში აშშ-ში მილიონობით კათოლიკისა და ქრისტიანის წინაშე, რომლებსაც სჯერათ, რომ ხვალ მხოლოდ ერთი დღესასწაულია – იესო ქრისტეს აღდგომა“, – განაცხადა კეროლაინ ლივიტმა შაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ტრამპის გუნდში აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლის სააღდგომო ღონისძიებაზე აიკრძალა რელიგიური თემატიკით მოხატული კვერცხები. კვერცხების მოხატვის კონკურსის წესებში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დიზაინი არ უნდა შეიცავდეს საეჭვო შინაარსს, რელიგიურ სიმბოლოებს, რელიგიურ თემებსა ან პარტიულ პოლიტიკურ განცხადებებს.

29 მარტს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პროკლამაცია, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მარტი ტრანსგენდერთა დღედ გამოაცხადა. როგორც „ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, 31 მარტი ეძღვნება ტრანსგენდერთა მოძრაობას. წელს ეს დღე ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს – აღდგომას დაემთხვა.

წელს, 31 მარტს აღდგომას კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები აღნიშნავენ.

„მე, ჯოზეფ ბაიდენ უმცროსი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, შეერთებული შტატების კონსტიტუციით და კანონებით მინიჭებული უფლებამოსილებით, ვაცხადებ 2024 წლის 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, შემოგვიერთდეს ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლისა და ხმის დაცვაში ჩვენს ქვეყანაში და იმუშაონ გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად,“ – ნათქვამია პროკლამაციაში.

ბაიდენის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსთა ნაწილისა და კონსერვატორი კომენტატორების კრიტიკა მოჰყვა.

„ბაიდენის თეთრმა სახლმა უღალატა აღდგომის მთავარ მრწამს, რაც არის იესო ქრისტეს აღდგომა. წმინდა ჭეშმარიტებისა და ტრადიციის აკრძალვა და ამავე დროს აღდგომის კვირის „ტრანსგენდერთა დღედ“ გამოცხადება აღმაშფოთებელი და საძაგელია. ამერიკელი ხალხი ამას ითვალისწინებს“, - დაწერა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×