რეზონანსი
31.03.2024

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ნიკა გვარამიას საქმის გაგზავნა დროის გაყვანის მიზნით ხდება, რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„რეალურად, ალბათ შეუძლებელია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში პოლიტიკურ ასპექტებს მიაქციონ ყურადღება და აღმოაჩინონ. მიმაჩნია, რომ ეს ხდება დროის გაყვანის მიზნით. როგორც ჩანს, ეს იქნება არჩევნებამდე ჩამოკიდებული საკითხი - რომ აი, გაეროში აქვთ გაგზავნილი საქმე. არჩევნები ჩაივლის და რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. შესაძლოა, ელიან და გულის სიღრმეში იმედიც ჰქონდეთ, რომ რაღაც შედეგს მიაღწევენ, რომ თითქოს, რაღაც პოლიტიკური მდგენელი ჰქონდა ამ საქმეს, მაგრამ რეალურად ეს ძალიან ნაკლებად წარმოსადგენია“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ განსხვავებით სტრასბურგის სასამართლოსგან, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ არის სასამართლო ორგანო და მისი გადაწყვეტილება არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

გელა ნიკოლაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს კომიტეტი უმეტესად არა ინდივიდუალურ საჩივრებს, არამედ ქვეყნების მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების 1966 წლის პაქტის შესრულებას სწავლობს, ხოლო ინდივიდუალური საჩივრის შემთხვევაში სასამართლო გამოძიება არ ხდება.

„იქ არის ინდივიდუალური საჩივრებიც, მაგრამ ხაზგასმულია, რომ იხილავენ, მაგალითად, რამდენად თანაბარ სიტუაციაში იყო დაცვის მხარე და ბრალდების მხარე, რამდენად იყო დაცული კანონმდებლობა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს“,-აღნიშნა უფლებადამცველმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველმა მოსამართლეებმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×