რეზონანსი
30.03.2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ მენეჯერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე დღეს წარდგენილ გარემოებებზე დაფუძნებით პატიმრობის შეფარდება არარელევანტურია.

„სააპელაციოში გავასაჩივრებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებს, პატიმრობა შეეფარდა. ის გარემოებები, რომლებიც დღეს თითქოსდა დასაბუთების მიზნით დაასახელა ბრალდების მხარემ, ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა და დღეს არ იყო რელევანტური ამ გარემოებებზე დაფუძნებით პატიმრობის მოთხოვნა", - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.

კიდევ ორი ბრალდებულის ადვოკატის, დავით კუტალაძის განცხადებით კი, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება დასაბუთებული არაა.

„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება იმ მოცემულობას, რაც საქმეშია წარმოდგენილი. ცალსახად მიმაჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთი პირი არ იმსახურებდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ანუ არ არსებობდა ის საფუძვლები, რაც აუცილებელია პატიმრობის გამოსაყენებლად. აბსოლუტური თანამშრომლობის რეჟიმში იყვნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არც მიმალვის, არც მტკიცებულების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს",- განაცხადა დავით კუტალაძემ.

რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ „ევექსის" ორ წარმომადგენელს, საქმის პროკურორის ინფორმაციით, მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 - 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან 112-ის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×