რეზონანსი
16.03.2024

„ავტობაზრობა გადავსებულია მანქანებით", - ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი საუბარში.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან მარტივი ჰგონიათ მანქანების ყიდვა-გაყიდვა, ჩამოყვანა, გაკეთება, ბაზარზე განთავსება და ბოლოს გასხვისება, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარია, ამიტომაც ბევრი ადამიანი ზარალდება გამოუცდელობის გამო.

„საქართველოში ეს ბიზნესი მარტივი ჰგონიათ, რჩევის სახით გეტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, როგორც სხვები, რასაც სტაბილურობა, მართვა და მიხედვა სჭირდება. ის, რომ მე ვიმუშავებ, ცალკე ხელფასს ავიღებ, მანქანას ჩამოვიყვან და ა.შ. არის ძალიან ძნელი. წლების წინ გავაკეთე არჩევანი და თავი დავანებე სამსახურს, რადგან კონკურენცია ბაზარზე ძალიან დიდია და 100%-იან ჩართულობას მოითხოვს", - ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.

ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბაზარი 2023 წლის შემდეგ გადავსებულია და მიწოდება მოთხოვნას დაახლოებით 70%-ით აჭარებს.

„ბაზარი გადაივსო შარშანდელს მერე. ჩემი გადმოსახედიდან, მიწოდება მოთხოვნას 70%-ით აჭარბებს და ამაში სწორედ იმ გარემოებამ ითამაშა დიდი როლი, რომ უკვე თითქმის ყველას მანქანა ჩამოჰყავს და ეს საქმე ძალიან მარტივი ჰგონია," - აღნიშნავს ჯაბა გოგინაშვილი.

რესპონდენტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ავტომობილების ის ფასები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა ვებ-გვერდებზე ნახულობენ, ხშირად არასწორ სურათს იძლევა და არასწორ წარმოდგენას უქმნის ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მანქანის ჩამოყვანა და გაყიდვა სურს.

„ხშირად საიტზე ნახულობენ, რომ მანქანა ღირს 13 000, ჰგონიათ, რომ თავადაც ამ ფასში გაყიდიან და რეალურად ჩვენთან, რუსთავის ავტრობაზარზე ეს მანქანები 11 000-ად იყიდება. ვებ-გვერდი ვერ მოგცემთ რეალურ სურათს და შედეგს, რეალობა აბსოლუტურად სხვაა. ვისაც უნდა, რომ მანქანა ჩამოიყვანოს, ჯერ ჩამოვიდეს ჩვენთან, გაეცნოს ბაზარს და მერე დაიწყოს ეს საქმიანობა," - თქვა ჯაბა გოგინაშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×