რეზონანსი
26.02.2024

ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება. ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში უნდა შევიდეს.

"კანონპროექტით უქმდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც ამჟამად 500 ლარია", - წერია განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს - მას იმუნიტეტი დაიცავს.

"ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - წერია კანონპროექტში.

კანონპროექტით, ამასთანავე, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×