რეზონანსი
26.02.2024

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი გახდეს, რისთვისაც საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული.

ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპის ერთიან როუმინგის სივრცეს შევუერთდეთ და შესაბამისად, მოსახლეობამ ადგილობრივი ტარიფებით ისარგებლოს როუმინგ მომსახურების დროს ევროპაში მოგზაურობისას. თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელება გაგვიჭირდება, რადგან ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, გადაწყვეტილება ევროკომისიაზე დამოკიდებული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს - თუ რა არის გასაკეთებელი საქართველოს მხრიდან. ამასთან, მისი თქმით, ინტენსიურად მიდის მუშაობა - ეს არის ძირითადად გარკვეული მარეგულირებელი აქტების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონთან და ამ კუთხით უკვე დიდი სამუშაოა გაწეული.

„თქვენ ნახეთ და მოუსმინეთ ასევე განცხადებები ევროკომისიაში - რომ საქართველომ დიდი სამუშაო უკვე გაწია, ჩვენი ქვეყანა იყო მოწინავე ასოცირების ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც ტელეკომუნიკაციის სფეროში რეფორმები განახორციელა. თუმცა, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყოფილიყო ერთიანი განცხადება, როდესაც საქართველო , მოლდოვა და უკრაინა ჩაერთვებოდა ერთიან როუმინგულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ქვეყნებთან ინდივიდუალურად მუშაობა მიდის, რომ მალე ჩვენ ერთიანი სივრცის ნაწილი გავხდეთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს მიმდინარე წელსვე ექნება პროგრესი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში - მისი თქმით, მთავრობას აქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიღებაც იგეგმება. „საბოლოოდ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნებს ალბათ ვუპასუხებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×