რეზონანსი
26.02.2024

სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელის განხილვა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჩვენ გაგვამტყუნეს, ვითომდაც თაღლითობის ჩადენის გამო. სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დაიწყო განხილვა და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი პოზიცია არის დასაბუთებული.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოთხი წელია, საქართველოში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და მისი მორალური მოკვლის მცდელობა.

„გვინდა, საზოგადოებას გავაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელი საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჩვენ გაგვამტყუნეს, ვითომდაც თაღლითობის ჩადენის გამო. ეს სარჩელი იქნა არა მხოლოდ მიღებული, არამედ უკვე სასამართლომ დაიწყო განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციაში ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან და კლავენ. საქართველოში ცდილობენ, რომ ოპონენტებს გაუსწორდნენ სხვაგვარად, მორალურად მოკლან ისინი. ოთხი წელია, მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალური მოკვლის მცდელობა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ამ მცდელობაში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ ყველა სპიკერი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მოროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს. რა თქმა უნდა, მათი იმედი არის, რომ სრულად აკონტროლებენ პროკურატურას და სასამართლოს, შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე. ჩვენ ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ამიტომ მივმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც  ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით, იმით, რომ ჩვენი მცდელობა, ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, აუცილებლად შედეგს გამოიღებს და აღარასოდეს არავინ აღარ იქნება დევნილი პოლიტიკური ნიშნით. ყველა ცენტრალურ საკითხზე, რომელიც სარჩელში დავაყენეთ, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებეული და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა დაუყოვნებლივ პასუხის გაცემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×