რეზონანსი
25.02.2024

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ახალი, მკვლელი ნარკოტიკული ნივთიერების შემოდინება რუსეთიდან ემიგრაციული ტალღის შემოსვლასთან ერთად გაიზარდა, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ამასთან, განცხადებაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილ კამპანიებს - სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნარკომოხმარებისა და ნარკოდამოკიდებულების პრევენციის მიმართულებით.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გვსურს გამოვეხმაუროთ უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმწვავით დამდგარ ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხს.

კრიმინალთან ალიანსში მყოფ ივანიშვილის ხელისუფლებას ვითარება საბოლოოდ გაექცა ხელიდან, რამაც ნარკორეალიზაციის საკითხი უკონტროლო გახადა. ამის ძირითადი განმაპირობებელი ის გახლავთ, რომ ზემოხსენებულმა პრობლემამ ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რამაც არაერთი ახალგაზრდისა და ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის ფატალურად დასრულება გამოიწვია.

არსებული პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას საქართველოს დიდ ქალაქებში, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებზე წვდომა უმარტივესი გზებითაა შესაძლებელი.

სამართალდამცავების მიერ გატარებული ღონისძიებები მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათისაა და არ ემსახურება პრობლემის ფუნდამენტურად გადაჭრას.

ხელისუფლებისა და კრიმინალის კოორდინირებული მოქმედებების გამო, ასეთ დროს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის რიგითი, პატიოსანი პოლიციელები და სამართალდამცავები, რომლებსაც დღეს საკუთარი საქმიანობის დამოუკიდებლად, კანონის შესაბამისად წარმართვა შეზღუდული აქვთ.

აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური ფონი, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, რაც ივანიშვილის ხელისუფლების ხელწერაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ჩვენი მომავალი თაობა წარმოადგენს, სადაც პროფესია დაუფლებული ახალგაზრდების 52% უმუშევარია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ახალი, მკვლელი ნარკოტიკული ნივთიერების შემოდინება რუსეთიდან ემიგრაციული ტალღის შემოსვლასთან ერთად გაიზარდა, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.

პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენ მოქალაქეებში პერსპექტივის განცდის დაბრუნება, რაც მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური განვითარებითაა შესაძლებელი.

აგრეთვე, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს ქმედითი, ეფექტური და დროული რეაგირება;

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილ კამპანიებს - სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნარკომოხმარებისა და ნარკოდამოკიდებულების პრევენციის მიმართულებით.

სახელმწიფოში უნდა შეიქმნას დასავლური სტანდარტის სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებულ ადამიანებს სოციუმში სრულფასოვან ინტეგრაციაში დაეხმარება",- აღნიშნულია გავრცელებულ განცადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×