რეზონანსი
25.02.2024

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ბათუმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.

„დღეს ვიმყოფებით ბათუმში, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შევხვდით, ასევე, უამრავ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ასევე, დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შემოუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც, ასევე, ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და წარმოუდგენელი დღე შედგა, როდესაც მოდის ასობით ადამიანი, ასობით ჩვენი მოქალაქე, არ შეჩერებულა ნაკადი დილიდან და ამდენი ბათუმელი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოს თავისუფლების იდეას", - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, აჭარაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

„დღეს აჭარაში სტუმრად გვყავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, რომელსაც მინდა გადავუხადო მადლობა. გრძელდება ხელმოწერების შეგროვება აჭარაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ერთადერთი ბერკეტი, ვისაც აქვს დღეს, ეს არის ქალბატონი პრეზიდენტი. მე მინდა მოვუწოდო მას, გაითვალისწინოს ამდენი ადამიანის მოთხოვნა და დროულად გაათავისუფლოს საპყრობილიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის.

„დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის, ალბათ, მთელი მსოფლიოსთვის იმ ფონზე, როდესაც პუტინმა მისი ერთ-ერთი მტერი ნავალნი მოკლა ციხეში და მეორე მტერი არის საქართველოს ციხეში, სამწუხაროდ. ეს შანსიც არის სალომე ზურაბიშვილისთვის აჩვენოს დასავლეთს, თუ სად დგას ის, ვის მხარეს დგას, არის ბნელი იმპერიის მხარეს თუ არის საქართველოს ხვალინდელი დღის მხარეს, ამიტომ ჩვენი როგორც თხოვნა, ისე დავალებაც არის, რომ გაათავისუფლოს ხვალინდელი დღისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს სახელმწიფო თავიდან", - განაცხადა ლევან ანთაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×