რეზონანსი
25.01.2024

„დარეჯან დვალი კვლავ იჩენს კეთილ ნებას, ის თანახმაა, რომ ერთი თვის განმავლობაში თანხის - 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილს დაუბრუნდება კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონება, მაგრამ იმ პირობით თუ ეს ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას“, - ამის შესახებ დარეჯან დვალის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არის მეორე პირობაც, რომლის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ 1 თვის განმავლობაში კეკელიძეზე მდებარე უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს.

„მეორე დღეა ორკესტრირებულად მიდის მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის მოსმენა. ასე უაპელაციოდ, არაერთი ბრალდება და ჩირქი მოსცხეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ დარეჯან დვალს. დარეჯან დვალმა 2018 წელს შეიძინა მოცემული ქონება საჯარო აუქციონზე, რის შემდეგაც დავიწყეთ ურთიერთობა მარინე ხატიაშვილთან. არაერთხელ შევთავაზეთ, რომ ან ნებაყოფლობით გამოსულიყო უძრავი ქონებიდან ან სხვა სახის მოლაპარაკებაზე წამოსულიყო, თუმცა ის ყოველთვის სასტიკ უარს აცხადებდა. ჩვენ ყველანაირი სამართლებრივი ზომა მივიღეთ, მივმართეთ სასამართლოს. დავა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. არაერთი მცდელობა იყო გამოყენებული თვითონ სასამართლოს მხრიდან მორიგებისთვის, არაერთი ზომა მიიღო, თუმცა მორიგება მაინც ვერ მოხდა. სასამართლოს შემდეგ კანონის მიხედვით გადავედით აღსრულების ბიუროსთან ურთიერთობაში. ბიუროში საქმე 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ახლა სპეკულაციები მიმდინარეობს, რომ გამოასახლეს პიროვნებაო; კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსახლება ერთი დღის პროცედურა არ არის, 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოსახლება 5-ჯერ იყო დანიშნული და ხუთჯერვე იყო გადადებული, მათ შორის ორჯერ ჩვენი კეთილი ნების გამოჩენით, ერთხელ სასამართლომ გადადო და ორჯერ მოხდა გადადება იმიტომ რომ გარკვეული პირები ამ ქალბატონის მდგომარეობას იყენებდნენ მათი მიზნების მისაღწევად და ეწყობოდა აქციები. საბოლოოდ მოვედით გუშინდელ დღემდე და კანონიერ მესაკუთრეს გადაეცა უძრავი ქონება. 2018 წელს აღნიშნული ქონება დვალმა შეიძინა 106 000 ლარად. არანაირ 40 000 ლარზე საუბარი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამას გარდა, ქალბატონ დარეჯანს ვალად გადასახდელად გამოჰყვა მარინა ხატიაშვილის მიერ აღებული სესხი, ჯამში 15 000 დოლარი. რაც შეეხება ხატიაშვილის მხრიდან 60 000 დოლარის შემოთავაზებას, რამდენიმე წელია მიმდინარეობს ამ საკითხზე სპეკულაციები. არავითარი წერილობითი მტკიცებულება, საბანკო გარანტია არ ყოფილა. იყო მხოლოდ ზეპირი შემოთავაზებები. მათ ჩვენ გამუდმებით ვთხოვდით, რომ მეტი სარწმუნოებისთვის წარმოედგინათ ბანკიდან ამონაწერი.

მოგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს და პოლიციის ჩართულობით მოხდა დაკავშირება მარინე ხატიაშვილთან. ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება. დარეჯან დვალი კვლავ იჩენს კეთილ ნებას, ის თანახმაა, რომ 1 თვის განმავლობაში, თანხის - 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილს დაუბრუნდება კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონება, მაგრამ იმ პირობით თუ, ეს ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები, პირები, რომლებიც ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ დარეჯან დვალზე, შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას. 

მეორე პირობა არის, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდაჭერებმა უნდა მისცენ უფლება ქალბატონ დარეჯანს, რომ ამ 1 თვის განმავლობაში ისარგებლოს აღნიშნული უძრავი ქონებით. ორივე მხარის ხელმოწერაა დადასტურებული მოცემულ შეთანხმებაზე. შეთანხმება შემდგარია, ჩვენი, აღსრულების ბიუროს და ქალბატონი მარინა ხატიაშვილი მონაწილეობით და არავითარი გარეშე პირების ჩართულობით“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×