რეზონანსი
24.01.2024

"კურიერმა", სოფელ განთიადში მკვლელობიდან რამდენიმე საათში გადაღებული კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის ორი ადგილობრივი მცხოვრები დანაშაულის ადგილზე, სადაც მათ ტახტზე, საბანში გადახვეული ცხედარი ხვდებათ. პოლიცია სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს.

მოკლული მოლდოვის მოქალაქე ალექსეი დარიევია. ის მეგობართან ერთად ბათუმში მშენებლობაზე მუშაობდა. სწორედ სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილი კონფლიქტი გახდა მკვლელობის მოტივი. 36 წლის სერგეი სკაუნმა მეგობარს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, გვამი საბანში გაახვია და შემთხვევის ადგილი დატოვა.

საქმის მასალებში დევს ვიდეოთვალის ჩანაწერებიც, რომელიც მკვლელობის შემდეგ დამნაშავის მარშუტს ასახავს. კადრებში ჩანს, რომ სერგეი სკაუნი ბათუმის ქუჩებში ზურგჩანთით გადაადგილდება. ის სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. კურიერმა გამოძიებისთვის მიცემული მისი ჩვენებაც მოიპოვა.

"კურიერი" დღეს მოკლულის ძმასაც ესაუბრა. ანატოლი დარიევის ინფორმაციით, მისი ძმა ბავშვობის მეგობარმა მძინარე მოკლა.

მოკლულის ოჯახისგან განსხვავებით გამოძიებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. ბრალდებული ცდილობდა ნაფიც მსაჯულები დაერწმუნებინა, რომ დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინა.

საქმის პროკურორი კურიერთან ამბობს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარადგინა, მათ შორის მკვლელობის იარაღი, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები. სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ნაფიცმა მსაჯულებმა 37 წლის სერგეი სკაუნი განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მოლდოვის მოქალაქე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: რუსთავი2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×