რეზონანსი
24.01.2024

რეგულაციები უნდა იყოს გონივრული, არ უნდა დავტოვოთ ხვრელები, მაგალითები გვაქვს, რომ საკმაოდ მკაცრ რეგულაციებშიც იპოვეს ხვრელი , - ამის შესახებ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ იძულებით გამოსახლებაზე და ამასთან დაკავშირებით სამართლებრივ ნორმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კეპულაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, 2018 წლის შემდეგ დაწესებულმა რეგულაციებმა ვერ იმუშავა და პირიქით, მდგომარეობა გააუარესა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ კერძო პირებს შორის სესხები ეკონომიკის „ჩრდილოვანი სექტორია", რაზეც დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს.

„ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ეკონომიკის ამ ჩრდილოვან სექტორზე, არანაირი მონაცემი არ არსებობს: რამდენი ფულია, რა პორტფელია გასესხებული, რამდენ ადამიანს აქვს, რამდენი არის გამსესხებელი? ძალიან ბევრი, ვინც ჩრდილოვანად მოქმედებს , არსად რეგისტრირდებიან",- განაცხადა კეპულაძემ.

კეპულაძის მოსაზრებით, პრობლემა, მხოლოდ რეგულაციებით არ გადაიჭრება.

„რეგულაციები უნდა იყოს გონივრული, არ უნდა დავტოვოთ ხვრელები. მაგალითი გვაქვს, რომ საკმაოდ მკაცრ რეგულაციებში იპოვეს ხვრელი. ბევრი ფიქრია საჭიროა, ამასთან საჭიროა, რომ ქვეყანა არ იყოს ღარიბი. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომ სიღარიბის დონე შემცირდეს და მხოლოდ რეგულაციებით არ ვცადოთ პრობლემების გადაჭრა.

ამ სექტორში დერეგულირების მომხრე ნამდვილად არ ვარ. ფაქტია, რომ საჭიროა გარკვეული ტიპის რეგულაცია, მაგრამ ამან არ უნდა დააზიანოს ფინანსური სექტორი", - განაცხადა კეპულაძემ.

ამასთან, კეპულაძემ ისაუბრა იმ სქემაზე, რასაც თანხის გამსესხებლებმა „რეგულაციების მიღმა მიაგნეს" და საკმაოდ მკაცრი რეგულაციების პირობებშიც გამოჩნდა შავი ხვრელი, რის გამოც პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს.

„2018 წლიდან საკმაოდ გამკაცრდა რეგულაციები. ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკური ხელშეკრულების გაფორმებას კრძალავს, გადაიზარდა იმაში, რომ თუ მინდა ვისესხო თანხა, ამისთვის ჩემს უძრავ ქონებას ვერ ჩავდებ. თუმცა იპოვეს გამოსავალი, ფორმდება ე.წ. ნასყიდობა უპირატესი გამოსყიდვის უფლებით. თუ სესხს ვიღებ, მე ჩემს ბინას თავიდანვე ვუფორმებ. 2018 წლიდან ეს დაიწყო და ამაშია პრობლემა. საქმე იმაშია, რომ ამ რეგულაციის შემოღების შემდეგ, ორწელიწადნახევარში 8-ჯერ უფრო მეტი ხელშეკრულება დარეგისტრირდა ნოტარიუსების მიერ, ვიდრე მანამდე. ეს გაცილებით უფრო რთულია, რადგან თავიდანვე უარი გაქვს ნათქვამი ბინაზე. რაც გუშინ ვნახეთ, ეს შეიძლება კიდევ განმეორდეს, რადგან გადაჭრის გზები არ ჩანს.

ასეთი ტიპის ვალის დაბრუნება არის რთული. მაგალითად, როდესაც ფიზიკურ პირი მევახშისგან 20 000 ლარს იღებს, საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი აქვს - წლიური 24-დან 36 პროცენტამდე, თვეში 2- პროცენტიდან, ასე ამბობენ. საშუალოდ 3- პროცენტი რომ ავიღოთ, ყოველთვიურად ვიხდით 20 000 ლარის 3- პროცენტს ანუ 600 ლარს, რაც მხოლოდ პროცენტია და ძირის თანხა არ აკლდება. ეს არის პრობლემა. როგორც წესი ძირი თანხას ერთიანად გადახდას გთხოვენ.

ისეთი ადამიანები აფორმებენ ასეთ ხელშეკრულებას, რომლებსაც ბანკმა არ მისცა სესხი", - განაცხადა კეპულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×