რეზონანსი
24.01.2024

მედიაში, ორი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, დღეს კი დადიანის ქუჩაზე იგეგმებოდა იგივე პროცესი. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული.

ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები, იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, იურისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად კერძო გამსესხებლები თანხის გასესხების სანაცვლოდ მოქალაქეს უფორმებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებებს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ „მსესხებელი ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს“.

იძულებით გამოსახლებისა და კერძო გამსესხებლების საკითხს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც. გთავაზობთ მის მოსაზრებას:

„2018 წლიდან საქართველოში კერძო გამსესხებლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესეს:

ფიზიკური პირი ფიზიკურ პირს ვერ ასესხებს თანხას უცხოურ ვალუტაში.

თუ ასესხებს ლარში, უზრუნველყოფაში ვერ მიიღებს უძრავ ნივთს. ანუ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ პირებს შორის აიკრძალა;

ის ვინც 20-ზე მეტ პირზე გაასესხებს თანხას, უნდა დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად;

ასევე განისაზღვრა ყველა ტიპის სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიური 50%-ის ოდენობით.

თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც ხშირად ხდება. რეგულაციებმა ვერ იმუშავა და კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი. ისინი იპოთეკის ნაცვლად აფორმებენ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებებს, რაც ნიშნავს, რომ მსესხებელი სესხის სანაცვლოდ ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს და ხელს აწერს ისეთ პირობებზე, რომელიც მისთვის შეიძლება ფინანსურად დამანგრეველი აღმოჩნდეს.

ფოტოზე წერილია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს, იურისტ დავით კლდიაშვილს ნოტარიუსთა პალატიდან მისი განცხადების საპასუხოდ მიწერეს.

2016 წლის 1-ლი მარტიდან 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში დამოწმებულია 1 465 ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში კი დამოწმებულია 11 132 ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ანუ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა.

გამოსავალი მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაში არ არის. გამოსავალია სიღარიბის სწრაფ დაძლევაში და ადამიანების ინფორმირებაში, რომ არ დათანხმდნენ ისეთ პირობებს, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ შეასრულებენ,“ - აღნიშნავს კეპულაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×