რეზონანსი
24.01.2024

ზუსტად ვიცი, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, მართლა კაბინეტ -კაბინეტ ვინ დადიოდა. ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ძირითადად, ოპოზიცია იყო, კონკრეტული სახელი და გვარები ვიცი, - ამის შესახებ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა გაყოფის დრო არ არის, რადგან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ისტორიული შანსი აქვს.

„ალბათ, ძალიან დიდ ფულს იღებენ ცალკეული ადამიანები, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია გარკვეულწილად დააკნინონ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „პროფკავშირების გაერთიანების" მიღწევაც არის, რადგან ამ გზაზე „საქართველოს პროფკავშირმა" ძალიან ბევრი გააკეთა. ალბათ, ამას მემუარებში უფრო დავწერ, მაგრამ ბევრმა იცის იმის შესახებ, თუ რა გაგვიკეთებია ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.

სახელმწიფო უწყებების თავზე მოფრიალე ევროკავშირის დროშა კი არ მხიბლავს, არამედ ის სისტემა და სამართლიანი გარემო, სადაც პენსიონერს უფასებენ მის ღვაწლს და ღირსეულ პენსიას აძლევენ, ადამიანებს აღარ აქვთ ექიმის პრობლემა, თუ შეუძლოდ გახდებიან, აღარ აქვთ შიმშილის პრობლემა და ასე შემდეგ. კანდიდატის სტატუსის მიღება საკმარისი არ არის, ჩვენ ბევრად უფრო მეტი ამბიცია გვაქვს - ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ.

მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ისეთ ორგანიზაციებთან მექნებოდა მეტი კომუნიკაცია, ვისაც გაეგებათ ევროპული სტრუქტურებში მუშაობა, იციან ევროპული დირექტივები, ნორმები და ის, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ეკონომიკაზე. სოციალური პარტნიორობის კომისიას უფრო მეტად ავამუშავებდი. გასატარებელ რეფორმებზე მუშაობას დავიწყებდი. პოლიტიკოსებს მარათონი და დოღი ჰქონდათ გამართული, ეს და ის მე გავაკეთე, რომ ევროკავშირის სტატუსი მიგვეღოო. ზუსტად ვიცი, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, მართლა კაბინეტ-კაბინეტ ვინ დადიოდა. ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ძირითადად, ოპოზიცია იყო, კონკრეტული სახელი და გვარები ვიცი. შემდგომში აუცილებლად ვიტყვი, თუ რეალურად შეეცდებიან, რომ საზოგადოებას ევროპაში ინტეგრაციის შანსი დააკარგვინონ. 8 წლის განმავლობაში „ევროპის პროფკავშირების" პრეზიდენტი ვიყავი და შესაბამისი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის ევროპარლამენტარებთან და ასე შემდეგ. სახელებით და გვარებით ვიცი ისინი, ვინც ამბობდნენ, თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, გამოვალთ, ამ მთავრობას გადავაყენებთ და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაშიო. ახლა იმიტომ არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რომ დაყოფის და გაყოფის დრო არ არის. ამ ადამიანებსაც მინდა შევაგონო, რომ სხვისი გაკეთებულიც დააფასონ და თავიანთი შესაძლებლობებიც გამოიყენონ. იქნებ ყველამ ერთად შევძლოთ, რომ საქართველო ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს. საქართველოს ყველაზე ნაკლები მეგობარი ჰყავს მთელ მსოფლიოში, ჩვენი სამეზობლოსგან განსხვავებით, რომელთაგან ზოგს დიასპორა ჰყავს, ზოგს ლობისტები და ზოგსაც მონათესავე ერები. ჩვენ არავინ გვყავს, საკუთარი თავის გარდა. სწორედ ჩვენმა ინტელექტმა, განათლებამ და ერთსულოვნებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ეს ბარიერები გადავლახოთ. ახლა დაყოფის და დაქსაქსვის დრო არ არის, რადგან ისტორიული შანსი გვაქვს", - განაცხადა პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×