რეზონანსი
23.01.2024

აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ გამოსახლების პროცესს კანონის სრული დაცვით ახორციელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან გაზის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. მათი მტკიცებით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. 

"2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ბიურომ საპოლიციო ძალების დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ცდილობდნენ ბიუროს წარმომადგენლების შეჩერებას. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, დააკავეს რამდენიმე პირი. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა. მათ მიიღეს სხვადასხვა დაზიანებები.

ბინაში შესვლამდე ჩაჭრეს ელექტროენერგია, გაიტანეს ავეჯი, სადარბაზოს შესასვლელი კარი, რომელიც შედუღებული იყო, სპეციალური საშუალებებით "გაჭრეს". 

ამ ოჯახის გამოსახლებას 2019 წლიდან ცდილობდნენ. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ამბობს, რომ ოჯახი მზადაა დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. მარინა ხატიაშვილი ყვება, რომ არ აქვს ბინა, სადაც შეძლებს გადავიდეს და მეგობრების იმედად რჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×