რეზონანსი
10.01.2024

ბოლო 2 კვირაა, ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სისუსტე, სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა - გრიპის ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. პარალელურად პედიატრები კლინიკებში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით ინფიცირებული ბავშვების მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ.

როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი, რომელი ვირუსი სჭარბობს ქვეყანაში და როდის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ექიმს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუვრა.

„ქვეყანაში ჩვენ მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს 21 სახეობის ვირუსზე. ბოლო კვირის მონაცემებით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა" ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 40-ზე მეტს შეადგენს. ძირითადად, ეს არის H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) რომელიც ე.წ. პანდემიური ვირუსია, მან 2009-2010 წლების პანდემია გამოიწვია, ახლა ის სეზონური ვირუსის სახით არის ჩამოყალიბებული. მცირე რაოდენობით ფიქსირდება H3-ც, რომელიც ასევე პანდემიური ვირუსი იყო.

ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც, რომლის მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია, 20%-მდეა. შესაძლოა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდა, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას. დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა „აიშვეს" და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდა.

ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ იზოლაციაში იყვნენ, ყველა ნიღბით დადიოდა და ამ ვირუსებით არ ყოფილან ინფიცირებულები. ბავშვები ახლა დაინფიცირდნენ ამ ვირუსებით და ავადობის მაჩვენებელი მათთან უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6 -12- ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის - წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს ნორმაა. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, რომელიც ზამთარში გაციების სიმპტომებს იწვევს. გამორჩეულია გრიპი, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები, პრაქტიკულად, არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება", - განაცხადა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×