რეზონანსი
08.01.2024

როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ 90-100 მანდატს „ქართული ოცნება“ უჩემოდაც მიიღებდაო, ეს მორიგი ტყუილია, ივანიშვილი ცხოვრობს თვითგამოცხადებულ, ტყუილების, თვითშეფასებების გარემოცვაში, ეს გაჭირვებისა და კომპლექსების ბუკეტია. ივანიშვილის სამყარო იყოფა მის ქვეშევრდომებად და მის მტრებად, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით არაფერი შეიცვლება, რადგან ის არსად წასულა. ის ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში, ვერც „ქართული ოცნება“ გააგრძელებს არსებობს, რადგან ის არ არის თვითკმარი ორგანიზაცია.

როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ქართულ ოპოზიციას ახლა ბევრად უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე ოდესმე.

„ბიძინა ივანიშვილი არის აკვიატებული კაცი, ამიტომ მას აქვს თვითშეფასებები, თავი მიაჩნია შეუმცდარ წმინდანად. როდესაც ის ამბობს, რომ ოპოზიცია განადგურებულია და ამიტომ ხელისუფლებაში ცდუნებები მე უნდა დავაბალანსოო, სწორედ ამ აკვიატებიდან გამომდინარეობს, ამ უღრმესი კომპლექსიდან გამომდინარეობს, რომელიც აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. მას სულ აქვს ეს პრობლემა: „მე იმიტომ კი არ ვარ მაგარი, რომ ბევრი ფული მაქვს, მე ბევრი ფული იმიტომ ვიშოვე, რომ მაგარი ვარ“,- ამას უმტკიცებს ის საკუთარ თავს, გარემოცვას, შინ და გარეთ ყველას. როგორ შეიძლება ადამიანმა თავი მიიჩნიოს შეუმცდარად?! როგორ შეიძლება ლიბერალურ დემოკრატიაში დამბალანსებელი იყოს ერთი კაცი და არა ინსტიტუცია?! ანუ ბიძინა ამბობს, რომ მე თვითონ ვარ ინსტიტუციაო!

თავის დროზე როცა მარგველაშვილს უტევდა, მე ვუთხარი, თქვენი კანდიდატი იყო ჩვენი კი არ ყოფილა და თუ თვლით, რომ არ ვარგოდა ანუ შეგშლიათ-თქო და არაო, მე არ შემშლიაო, მარგველაშვილი შეცდომა კი არა კურიოზიაო. ახლა სალომე ზურაბიშვილიც კურიოზია, ერთი პრემიერ-მინისტრი კურიოზი აღმოჩნდა, მეორე პრემიერ-მინისტრი კურიოზი აღმოჩნდა, გახარიას მოღალატე დაარქვა, პარლამენტის თავმჯდომარე, პირველი, მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა - ეს სჭირთ როგორც დიდ, ასევე პატარა კარიკატურულ მმართველებსაც- ვისთან ერთადაც იწყებს, მერე ყველა უნდა მოიშოროს.

რაიმე ლოგიკურ და განსაკუთრებით პოლიტიკურ ასპექტებში არ დავინახავდი ბიძინა ივანიშვილის წასვლა-მოსვლას. თუ ახლა არის ოპოზიცია განადგურებული, შარშან არ იყო განადგურებული ? შარშანწინ არ იყო განადგურებული ? პირიქით, არც შარშანწინ იყო განადგურებული და ახლა ოპოზიციის შანსები გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2020-ში და 2021-ში, როცა მან მიითვისა ხელისუფლება.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ოცნება“როგორც ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს - „ქართული ოცნება“ ბიძინას მარცხის შემდეგ აღარ იარსებებს როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს არ არის ის თვითკმარი ერთეული, რომელიც შეძლებს მის გარეშე საქმიანობას.

ამასთან, პრინციპულად არ ვიზიარებ იმ მიდგომას, რომ ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული ქართული ოპოზიციის კონფიგურაცია. თუ ოპოზიციამ არ გადადგა ნაბიჯები, თავისით მოგება არ იქნება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×