რეზონანსი
08.01.2024

სამების ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი. ირმა ინაშვილი საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან გამოხატულ უარყოფით რეაქციებს „სიბნელეს“ უწოდებს და ამბობს, რომ წმინდა მატრონა მოღვაწეობდა სტალინის ეპოქაში, მას პირადად შეხვედრაც ჰქონდა და ცნობილია და დოკუმენტურად დადასტურებული, რომ  ფაშისტების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში დედა მატრონასთან სასწაულებიცაა დაკავშირებული. 

"დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, დასწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს... ისეთი ხატწერა შექმენით, თქვენ რომ გინდათ. ილია ჭიღლაძე და პეტრე აფერისტი გამოსახეთ ხატებზე და ილოცეთ ბატონო. თქვენ თქვენი კერპები გყავთ და იმათ დაუნთეთ სანთელი. ჩვენ დაგვანებეთ თავი, რომლებსაც გვჯერა, რომ წმინდა მატრონა დიდი წმინდანია და ძალიან კარგად გვესმის რატომ არის ერთ-ერთ ეპიზოდში სტალინი გამოსახული ამ ხატზე... ჯერ საიდან მოიტანეთ რომ დიდი ზომის არის, მერე მეორეც შარავანდედი არ აქვს და... იქ არის ბევრი ეპიზოდი, რომელიც უნდა გესმოდეთ ენა რომ გაქვთ წაგდებული...

რას ვიზამთ, ასეთი ეპოქაა, ასეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, რომ სულ თავი უნდა იმართლოს ჩვენნაირმა ხალხმა და სულ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში, თურმე. არ ვაპირებთ თავის მართლებას, არაფერი არა გვაქვს თავის გასამართლებელი. ჩვენ შევწირეთ ეს ხატი სამების ტაძარს. ძალიან დიდმა პროფესიონალმა ხატმწერმა დაწერა ეს ხატი, რომელსაც ცოდნაც გააჩნია და ცხოვრების წესითაც პასუხობს ცხოვრების კრიტერიუმებს.

ეს უაზრო დისკუსია, ახლა სწორედ შობის დღეს რომ არის გაჩაღებული, ესეც ეტყობა ძალიან სიმბოლურია. ეკლესიის მტრები, როგორც წესი, სწორედ ესეთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებზე აინთებიან და აფეთქდებიან ხოლმე. გვესმის ჩვენ ეს, ჩვენ რელიგიურად ვუყურებთ სწორედ ამ ყველაფერს და გვესმის, რატომ ხდება ეს ყველაფერი", - ამბობს ინაშვილი ვიდეომიმართვაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე მიმართვა გაავრცელა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმაც, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ხატი მან შესწირა სამების საკათედრო ტაძარს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×