რეზონანსი
04.01.2024

ახალი ცნება შემოგაქვთ, ვინ თქვა, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა არსებობდეს?! - საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ნაწილი მთავრობის ინიცირებული იქნება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

მისივე განცხადებით, 9 ნაბიჯის ფარგლებში მისაღებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესში ოპოზიციას რეგლამენტით განსაზღვრულ საპარლამენტო ფორმატებში ჩართულობის შესაძლებლობა აქვს.

„მთელი რიგი ამოცანები, რაც 9 ნაბიჯში არის გაწერილი, არ არის მხოლოდ პარლამენტის შესასრულებელი, ბევრი საკითხია, რომელიც მთავრობის მიერ პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. ამ პოლიტიკის გატარებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო. ეს იქნება ცოცხალი პროცესი და გამომდინარე იქიდან რა საკანონმდებლო ინიციატივებიც დაჭირდება პროცესს, სწორედ იმ ინიციატივების გარშემო იქნება კონკრეტული მუშაობა. საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ნაწილი შეიძლება იქნას პარლამენტის მიერვე ინიცირებული, ნაწილი შეიძლება იყოს მთავრობის ინიცირებული. ეს იქნება ცოცხალი პროცესი, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს ექნება სრული საშუალება ამ პროცესში ჩაერთოს. "სამუშაო ჯგუფი" როგორც ასეთი, ეს სიტყვა ახალი წინააღმდეგობის უჯრედად შეიძლება გავაჩინოთ?! არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია სამუშაო ჯგუფი. ახლა ეს სიტყვა გახდება მორიგი წინააღმდეგობების თუ სპეკულაციების საგანი. იქ წერია, ჩართულობა იყოს ყველასიო. ამის შესაძლებლობა ექნება ყველას. არსებობს კონსტიტუციური ორგანოები და კანონით გაწერილი პროცედურები, სადაც ოპოზიციას სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება აქვს. ოპოზიციას დღევანდელ პარლამენტში ჩვენი კანონით და რეგლამენტით სრული უფლება აქვს ყველა ფორმატში იმუშაოს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, არის თუ არა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას იმ საკითხზე ვერ მიიღებენ, რაც დღის წესრიგში არ დგას.

„ახალი ცნება შემოგაქვთ, არ ვიცი ვინ თქვა, რომ ამ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა არსებობდეს. ცნება შემოგაქვთ (სამუშაო ჯგუფის სახით), რომელიც არსად და არავის მიერ არ გაჟღერებულა. გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ იმ საკითხზე, რაც არ დგას დღის წესრიგში ამ გაგებით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმაში ნახსენებ "სამუშაო ფორმატს", ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "სამუშაო ფორმატი არის ის, რაც პარლამენტშია რეგლამენტირებული."

„ახლა საუბარი სულ სხვა რეკომენდაციებზეა, მათი შინაარსი და შესრულების მიმდინარეობაც სულ სხვაგვარია. მოვუწოდებ ყველას, ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ წინააღმდეგობის კერებს სწორ გზაზე, მათ შორის ოპოზიციას და მის პროპაგანდისტულ საშუალებებს მივმართავ. ყველა ფორმატი იქნება რეალიზებული, რაც ამ საქმის შესრულებას სჭირდება,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×