რეზონანსი
29.12.2023

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, 2023 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა, ხაზი გაუსვა უწყების როლს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში და მადლობა გადაუხადა პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის.

„ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2023 წლის საუკეთესო პროკურორი - ზინიკო ქობალია, საუკეთესო გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე, წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა და წლის ყველაზე დატვირთული რაიონული პროკურატურა ხაშურის პროკურატურა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა.

ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება პროკურატურის ხუთ თანამშრომელს - ნუგზარ მახათაძეს, მანანა ფირანიშვილს, მადონა ურუშაძეს, ნანა ხუნჯუას და ირაკლი ჩილინგარაშვილს მიენიჭათ.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი შოთაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თანამშრომლებს წარმატებული წელი უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×