რეზონანსი
28.12.2023

გიორგი გახარიასთან არანაირი საერთო არ გვაქვს. გახარია ჩემთვის არის წარსულის პოლიტიკოსი , - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა.

შესაბამისი განცხადებით ხაზარაძემ 2024 წლის არჩევნებში პარტიასთან „საქართველოსთვის" შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ადამიანს, როდესაც პრეტენზია აქვს, რომ ისევ პოლიტიკაში იყოს, კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.

მისივე თქმით, მომავალი არ არსებობს, თუ არ არსებობს ნათელი და ხალხისთვის გასაგები წარსული.

„რამდენიმე მაგალითი დამისახელეთ თუ რა გააკეთა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ან გავრილოვის ღამეს რა გაკეთდა ქვეყანაში, როცა ქვეყანა დაარბია და შემდეგ დააწინაურეს. რომელ ქვეყანაში ხდება, როდესაც შსს მინისტრი თავის მოსახლეობას არბევს, ბავშვებს თვალებს თხრის და მას აწინაურებ პრემიერ-მინისტრად? ეს რა ფენომენია?

შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ხარ და კრიმინალურ წერილს აგზავნი, ეს არაფერი არ არის? მექანიკურად ვერავისთან გავერთიანდებით. სანამ გახარია არ იტყვის რატომ დაწინაურდა, როცა დაარბია ქართველი ხალხი, რატომ დაწინაურდა, როცა ჩვენზე კრიმინალური საქმე დაიწყო და ამის მთავარი ფიგურანტი იყო, რატომ ჩააგდო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ადამიანს, როდესაც პრეტენზია აქვს, რომ ისევ პოლიტიკაში იყოს, კეთილი ინებოს და ამ კითხვებს პასუხი გასცეს. მომავალი არ არსებობს, თუ არ არსებობს ნათელი და ხალხისთვის გასაგები წარსული", - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც „ლელოს" ლიდერი აცხადებს, გაერთიანება უნდა მოხდეს ჯანსაღ, იდეურ და ნორმალურ ურთიერთობაზე.

„ეს პოზიცია არ შეიცვლება და ჩემგან ნუ ითხოვთ ნაბიჯის გადადგმას. მოსთხოვეთ მას, ვისაც პასუხი აქვს გასაცემი ამ საკითხებზე. გაერთიანება უნდა მოხდეს ჯანსაღ, იდეურ და ნორმალურ ურთიერთობაზე. ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ჩვენ არ შევცვლით.

3 წელი ქვეყნიდან არ გავსულვარ და სასამართლოებში დავდიოდი. ამ კორუმპირებულ სასამართლოს გავეცი მე პასუხი. მე პასუხებს ვცემ ჩემ ყველა ნამოქმედარზე. მე არსად გავქცეულვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები ჩემს პარტიასთან ერთად",- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რატომ აქვს „ლელო" პოლიტიკური ანტიპათია გიორგი გახარიასთან, ხაზარაძე პასუხობს, რომ ანტიპათია ადამიანების მიმართ არ აქვს და დასძენს „მე ვსაუბრობ სახელმწიფო მიდგომებზე, ადამიანების მიმართ ანტიპათიები არ მაქვს. სახელმწიფო თემებში, რა თქმა უნდა, მაქვს კითხვები".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×