რეზონანსი
20.12.2023

განათლების მინისტრის განცხადებით, ეროვნული გამოცდების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, 2-3 წლიან ჭრილში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სისტემის საპილოტე ვერსიაზე გადასვლას დასჭირდება რამდენიმე წელი და შემდეგ გადაწყდება, შეიცვლება ეროვნული გამოცდების სისტემა თუ საერთოდ გაუქმდება ის.

"ეროვნულის შეფასება ეს საკმაოდ გრძელი და კომპლექსური საკითხია. დღეს, სამწუხაროდ, სკოლებში არ გვაქვს არანაირი განმსაზღვრელი შეფასება, რომლებიც გადაწყვეტდა ან შეაფასებდა მოსწავლეებს და დავინახავდით, თუ რა შედეგებზე გადის სკოლა, მასწავლებელი და ზოგადად, შევაფასებდით სხვადასხვა კომპონენტს. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა კვლევები, ფორმალური გამოკითხვები, მაგრამ რასაც ჰქვია განმსაზღვრელი ან თუნდაც სადიაგნოსტიკო შეფასება, ჩვენ დღეს სკოლებში არ გვაქვს.

ეს მთლიანი პროცესი მოიცავს 2-3 წელს ანუ 2-3 წლიან ჭრილში, ჩვენ არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ ეროვნული გამოცდებისთვის, ვინაიდან საჭიროა გარკვეული პილოტირება, დანერგვა და შემდგომ, ეტაპობრივად გადასვლა ახალ სისტემაზე. ჩვენ გვინდა და თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მსგავსადვეა, გვინდა მე-6 და მე-9 კლასის ბოლოს, საგნობრივი ჯგუფების მიხედვით და ამას ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ გვინდა ბავშვები გადავღალოთ ტესტებით, ჩვენ გვინდა ერთი საგნობრივი ჯგუფი ასე ვთქვათ დავაჯგუფოთ და 2-3 ტესტი ვაწერინოთ მე-6 და მე-9 კლასის ბოლოს, მანამდე არ მოუწევთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის, ბავშვები ტესტებში და გამოცდებში ვამყოფოთ. ეს ორი გამოცდა, რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2025 და 2026 წლებში კლასების შესაბამისად მოხდება ამ გამოცდების პილოტირება, იქნება სადიაგნოსტიკო ანუ ეს არ იქნება სავალდებულო. ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ გავიგოთ ბავშვი რა შედეგებზე გადის, მასწავლებელი როგორ მუშაობს და როგორ მუშაობს სკოლის საზოგადოება.

რაც შეეხება მე-12 კლასს, რომელიც ერთი წლით მოგვიანებით ჩაერთვება ანუ 2027 წლიდან: აქ, უკვე ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა და აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რომ მე-12 კლასის ბოლოს, ჩვენ შემოვიღოთ განმსაზღვრელი შეფასება. რას ნიშნავს განმსაზღვრელი შეფასება? ეს მოხდება 2027 წლიდან, ჩვენ 3 წელი გვჭირდება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადავიდეთ ამ სისტემაზე და მანამდე, არანაირი ცვლილებები არ იგეგმება ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. მე-12 კლასში, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ჩვენ ორ რამეს შევამოწმებთ: ერთი- რამდენად გადის ბავშვი იმ დონეზე, რომ დაამთავროს სკოლა და აიღოს ატესტატი, ასევე განვსაზღვროთ ცოდნა და მივანიჭოთ ქულა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება უნივერსიტეტში ტრანზიციისთვის ან პროფესიულ განათლებაში გასაგრძელებლად. ახლა, უნივერსიტეტში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ სტუდენტების შერჩევის პროცესში, რაც სრულიად წარმოუდგენელია, რადგან აუცილებელია ისინიც იყვნენ ჩართულები პროცესში და მათი შიდა კრიტერიუმებიც იყოს გათვალისწინებული. ამიტომ, ეს იქნება ნაზავი როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტის მოთხოვნების. ჩვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე რომ სისტემა არ დავშალოთ, არ შევაშინოთ, არ დავღალოთ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოვამზადოთ ბავშვები, 3-4 წლიან პერსპექტივაში უნდა გადავიდეთ ამ პროცესზე და იქ, 3 წლის შემდგომ, ალბათ დადგება საკითხი, რომ განვიხილოთ ეროვნული გამოცდების მოდიფიცირება გვიწევს თუ საერთოდ გაუქმება. ამიტომ, ამაზე საუბარი დღეს ძალიან ნაადრევია", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×