რეზონანსი
18.12.2023

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული 2 000 000 ლარიდან 900 000 ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა.

ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, აღნიშნულის მოსაგვარებლად, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 000 ლარი ჩაარიცხინეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×