რეზონანსი
16.12.2023

გასულ კვირას განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას „ზოგადი განათლების რეფორმა" წარუდგინა, რომლის თანახმადაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ასევე იცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. გარდა ამისა, მიმდინარე თვის დასაწყისში ამილახვარმა მასწავლებლებისთვის ახალ სახელფასო ფორმულაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ მოქმედ პედაგოგს 2024 წლის პირველი ივლისიდან ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება.

„ზოგადი განათლების რეფორმის" დებულებებსა და განათლების სისტემაში მათ მნიშვნელობას „ნიუტონის თავისუფალი სკოლის" დამფუძნებელი გიორგი მელაძე აფასებს. მისი თქმით, რეფორმები განათლების სისტემას მნიშვნელოვნად არ ცვლის.

„ძალიან ზოგადია ეს ყველაფერი და, ვფიქრობ, საარჩევნო კამპანიასთან უფროა დაკავშირებული. ისე იყო პრეზენტაცია შეფუთული, რომ გინდოდეს ადამიანს რამე კონკრეტული მოიწონო ან გააკრიტიკო, გაუგებარია. ამიტომაც მგონია, რომ ძირფესვიანად არაფერი იცვლება", - ამბობს გიორგი მელაძე.

სკოლა „ნიუტონის" დამფუძნებელი მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს განათლების სისტემაში კადრების შემოდინების სტიმულს ვერ გააჩენს.

„კარგია, რომ ხელფასები იზრდება, მაგრამ ეს რას წყვეტს? ამით რამე ძირეული იცვლება ჩვენს სისტემაში?! თუ პირიქით, ვამბობთ, რომ არაფერი გვაქვს შესაცვლელი და ამ პატარ-პატარა გამოსწორებებით გავალთ ფონს? განათლებაში ბევრად უფრო სერიოზული რაღაცები უნდა კეთდებოდეს.

ხელფასების ზრდა არ არის ძირითადი მოტივაცია. სისტემა არ ახალისებს განათლებაში უფრო მეტი და უკეთესი ადამიანების შესვლას. ის, რომ არსებულ მასწავლებლებს ან ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ, არ ნიშნავს, რომ ხალხი მასობრივად აირჩევს ამ პროფესიას ან უფრო მეტი კარგი მასწავლებელი მივა სკოლაში. ეს დახურული სისტემაა, რომელში მოხვედრაც ახალგაზრდებისთვის და არა მარტო, რთულია", - ამბობს გიორგი მელაძე.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×