რეზონანსი
15.12.2023

მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა ჩვენი ისტორიული არჩევანია და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს მიეცა რეალური შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეს.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია - სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართულობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის, აგრეთვე ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

მივმართავ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ის მონაპოვარი და სარგებელი, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაცია გვთავაზობს. სწორედ ევროპულ ფასეულობათა დაცვა და მოფრთხილება უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის ეთნიკური, კულტურულ-ენობრივი იდენტობის შენარჩუნებასა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობას.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება არის ქვეყნის კეთილდღეობის, დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რომელიც მყარ საფუძველს უქმნის თითოეული მოქალაქის უკეთეს მომავალს. ეს შესაძლებლობა ღიაა ყველასათვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერებს, მათ, ვინც ღირებული წვლილი შეიტანეს დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში",- განაცხადა აბაშიძემ, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×