რეზონანსი
11.12.2023

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი ხდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს ორ კანონში - "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

ცვლილების მიხედვით, ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სააგენტოს მიერ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, დაჯარიმებას გამოიწვევს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას: სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებისას, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის/გამოტანილი დადგენილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება და ა.შ.

საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×