რეზონანსი
24.11.2023

ჩვენ უნდა ავირიდოთ არაკეთილსინდისიერად გასაჩივრების უფლების გამოყენება ჯარში გაწვევაზე - არანაირი სიახლე მრწამსთან დაკავშირებით არ შემოდის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, სამინისტროს საზრუნავია, რომ „მაქსიმალურად გააკონტროლოს სიტუაცია და არ აღმოჩნდეს რაიმე საკანონმდებლო ხარვეზი, რაც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარიდან თავს აარიდებინებს.

როგორც გიორგაძე განმარტავს, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო თავდაცვის კოდექსში ორი მიმართულებით დამატებით ცვლილებების შეტანა.

„დისტანციური სწავლების შემთხვევაში, 2025 წლიდან სტუდენტები, ვინც საზღვარგარეთ დისტანციურად სწავლობენ, შეეძლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის რამდენიმე ვარიაციიდან ერთ-ერთი აირჩიონ: 8 თვიანი, 11 თვიანი ან სტუდენტებისთვის შექმნილი პროგრამა - 4 წლის განმავლობაში ზაფხულში ერთი თვით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა. თუ დისტანციურად სწავლობს ახალგაზრდა, მას ჯარში წასვლა შეუძლია, ჩვენ ყველანაირი საშუალება გვაქვს: ბიბლიოთეკები, ინტერნეტი, იქ ექნება მას სწავლის შესაძლებლობა. რაც შეეხება მეორე ცვლილებას. მოგეხსენებათ, სასამართლოებში საქმის განხილვები გარკვეულწილად გაჭიანურებულია და ჩვენ შემოგვაქვს ინიციატივა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს სასამართლო. მოგეხსენებათ, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების სხვადასხვა საფუძველი და თუ რომელიმე ეს საფუძველი არ არის, მოქალაქე უნდა წავიდეს ჯარში. დაახლოებით, 2-3 თვეში დასრულდება ეს პროცედურები (სასამართლო განხილვის), სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით აქვთ შესაძლებლობა, რომ თუ დაინახავს, რომ გაწვევასთან დაკავშირებით აშკარად უკანონო გადაწყვეტილებაა მიღებული, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ვიდრე სასამართლო წარმოება არ დამთავრდება. გადავადების საფუძვლები დოკუმენტურად დამტკიცებადია, თუ ეს დოკუმენტი წარედგინება სასამართლოს და დავუშვათ არასწორად მოხდა გაწვევა, სასამართლოს საპროცესო კოდექსით აქვს შესაძლებლობა შეაჩეროს გაწვევის გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ავირიდებთ არაკეთილსინდისიერ, ბოროტად გამოყენებულ გასაჩივრების უფლებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე ვიდრე სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სტუდენტი აგრძელებს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აგრძელებს და ეს სამართლიანია.

„სამართლიანია - ჩვენ უნდა ავირიდოთ არაკეთილსინდისიერად უფლების გამოყენება გასაჩივრების, ეს არის მთავარი არსი. დანარჩენი ყველა შემთხვევაში უფლებები არის დაცული", - განაცხადა გიორგაძემ.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დეზინფორმაციაა ის, რომ ადამიანმა საკუთარი რწმენა უნდა დაადასტუროს.

„დეზინფორმაციაა. არაფერი სიახლე არ შემოდის მრწამსთან დაკავშირებით, როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის ან სინდისის გამო ის ჯარში არ მიდის, იარაღს ხელში არ აიღებს, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×