რეზონანსი
12.11.2023

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პუტინის და სი ძინ პინის გასამართლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა მარტო „უპასუხისმგებლობა", არამედ „პოლიტიკური სიბეცეა".

ვოლსკი იმედოვნებს, რომ საქმე „მზაკვრულ ჩანაფიქრს" არ უკავშირდება.

„როდესაც ასეთ გამოხმაურებას და შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, რასაკვირველია, ამას მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია. იმედი მაქვს, აქ რაღაც კიდევ უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის - როგორმე საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლობა გვაქვს", - აცხადებს ვოლკსი.

ამასთან, პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის თქმით, ნიშანდობლივია, რომ „გამიჯნულია მთავრობა - ქვეყნის რეალური მმართველი პრეზიდენტისგან და მისი ინსტიტუტისგან".

გია ვოლკსი პრეზიდენტის განცხადებებს მავნებლობად აფასებს.

„ასეთი განცხადების გაკეთება არის ძალიან ახლოს მავნებლობასთან", - აცხადებს ვოლსკი „რუსთავი 2"-თან კომენტარში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა „LCI" -სთან ინტერვიუში კითხვაზე, „იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან", უპასუხა, რომ მისი შინაგანი რწმენით, ეს „იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა".

კერძოდ, ჟურნალისტმა პრეზიდენს ჰკითხა: „გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან? ვინაიდან ჟურნალისტის შეფასების თანახმად, „ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი კი უპირველესად".

"მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×