რეზონანსი
10.11.2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ პროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გოგი მეშველიანის განცხადებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებით, კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასევე ჩაერთვება სამორინეს ორგანიზატორი.

„ეს ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება ევროპის საბჭოს ფული გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციას. ცვლილება საშუალებას მოგვცემს გარკვეული საკითხები, რომელიც დღემდე არ კონტროლდებოდა აყვანილი იყოს შესაბამის კონტროლზე და რაც მთავარია, ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყნის რეიტინგი ამ მიმართულებით გაუმჯობესებული იქნება", - აღნიშნა მომხსენებელმა.

გოგი მეშველიანის განცხადებით, „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებით დგინდება მოგების საშემოსავლო გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთათვის.

„აქამდე ეს გადასახადი არ იყო შემოღებული და ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ ამ მიმართულებითაც გვექნება დაბეგვრის რეჟიმი. დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობით და გადასახადის განაკვეთი შეადგენს 15%-ს.

იცვლება საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთებიც. აზარტული თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირები არსებული 10%-იანი განაკვეთის ნაცვლად, დაიბეგრება 15%-იანი განაკვეთით.

გარდა ამისა, იზრდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი სისტემურ - ელექტრონული ფორმით მომწყობ აზარტულ ან მომგებიან თამაშობებში ( გარდა წამახალისებელ თამაშებისა) მონაწილე პირთათვის, რომელიც განისაზღვრება სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის 5%-ით, ნაცვლად არსებული 2%-სა.

ასევე, 5%-იანი რეჟიმი შემოდის სათამაშო აპარატების თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თანხის გატანისას. დღემდე დაბეგვის რეჟიმი ამ მიმართულებითაც არ გვქონდა", - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გოგი მეშველიანის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, ბიუჯეტი დამატებით 400 მილიონ ლარს მიიღებს, თუმცა ამასთან ერთად, კანონპროექტის მიზანია ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება ნაკლები მოქალაქე იყოს დამოკიდებული აზარტულ თამაშობებზე.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული, სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე და ირაკლი ზარქუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×