რეზონანსი
10.11.2023

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მტკიცებულებებით დავადგინოთ ადამიანები, ვინც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდეს მათი პასუხისმგებლობისთვის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საოკუპაციო ძალის მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ექსპერტიზები, ასევე ჩატარდა გასაუბრება საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოსთვის გუშინ გადმოცემულ პირთანაც.

„ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი და მინდა, პირველ რიგში მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, თითოეული ქართველისთვის და ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან დიდი ტკივილი ტრაგიკული მოვლენა მოხდა და მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე და ერთი ადამიანი გაიტაცეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მოქალაქის, რომელიც იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში, გადმოცემა და გათავისუფლება მომხდარიყო და ის დაუბრუნდა ოჯახს. შსს-მ იმ წუთიდანვე დაიწყო გამოძიება და ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებს, რომ მოხდეს ზუსტად დადგენა, რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. ვატარებთ მათ შორის, ექსპერტიზებს, ასევე მოხდა გასაუბრება გუშინ გადმოცემულ პირთან. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს. გამოძიების დეტალებზე ჩემგან საუბარი არასერიოზული იქნება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მტკიცებულებებით, რომელიც ამ საქმეზე შეიძლება შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობისთვის. დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - განაცხადა დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა გუშინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×