რეზონანსი
09.11.2023

დღეს პირველად გამოჩნდა კამერების წინ ის მესამე პირი - თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც ტრაგედიის დღეს თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად კირბალში, ეკლესიასთან იმყოფებოდა.

ის სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოკითხეს. მან მედიასთან თქვა, რომ 6 ნოემბერს 5 ადგილობრივთან ერთად იმყოფებოდა სოფლის სასაფლაოზე წინაპრებისთვის პატივის მისაგებად, მან, დოთიაშვილმა და გინტურმა გადაწყვიტეს ლომისის ეკლესიაში მისულიყვნენ და სანთლები დაენთოთ. კაცი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კარი აჭედილი დახვდათ, გადაწყვიტა ადგილი დაეტოვებინა, თუმცა შეესწრო როგორ გახსნა გინტურმა ეკლესიის კარი.

ის ყვება, რომ სოფელში ჩამოსვლის შემდეგ 3 გასროლის ხმა გაიგო.

"მოდი მოლა, რისი გეშინიაო, და მე ვუთხარი, თედო, არ გრცხვენია, სალოცავი არ დაამტვრიოთთქო. ერთი ეს ვუთხარი, მოვტრიალდი და წამოვედი. აღარაფერი არ დამინახავს იმის მერე, არც მიმიხედია უკან, რას მივიხედავდი, წამოვედი სოფელში ჩამოვედი. რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს.

გასროლის ხმა რომ ჩამოვედი, სოფელში გავიგონე, მერე სოფელი ავიდა, ვინ ავიდა ვინ არა, არ ვიცი, სამნი ვიყავით, ორი იქ დარჩა, მე წამოვედი", - ყვება პაპიტაშვილი.

ოჯახმა გუშინ დაასახელა ცხინვალში დისლოცირებული რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებმაც, სავარაუდოდ ეკლესიაში მისული თამაზ გინტური მოკლეს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×