რეზონანსი
09.11.2023

ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთად და ეს არის საზოგადოების ის უმრავლესობა, რომელმაც აირჩია ევროპაც და ევროპული ხელისუფლებაც დღემდე, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ვერ ისწავლის და ხელისუფლებას არც ახლა შეეხიდება, თუნდაც, იმ დათქმების შესასრულებლად, რაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში იქნება.

„თურმე, შესაძლებელი ყოფილა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის მიღება ცალ ფეხზე დგომის გარეშე, სუვერენიტეტის დაცვითა და თავმოყვარეობის შენარჩუნებით.

ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთად. ეს არის საზოგადოების ის უმრავლესობა, რომელმაც აირჩია ევროპაც და ევროპული ხელისუფლებაც დღემდე. ასე, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

სამწუხაროდ, ვერ შეგპირდებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ისწავლის და შეეხიდება ხელისუფლებას, თუნდაც, იმ დათქმების შესასრულებლად, რაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში იქნება. მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპამ უკვე დაინახა, ვინ მუშაობდა ამ სტატუსის მისაღებად და ვინ - საწინააღმდეგოდ.

დათქმები ევროკავშირის წევრობის ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს და ბუნებრივია, რომ ჩვენც გვექნება. სამაგიეროდ, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციებით ეს დათქმები შევასრულოთ და მივიღოთ როგორც კანდიდატის სტატუსი, ასევე, მომავალში - წევრობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×