რეზონანსი
09.11.2023

მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით ვიზიტების განხორციელებას აგრძელებს და ცდილობს, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატება საკუთარ თავზე მიიწეროს.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები მხოლოდ ხელს უწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას.

„პრეზიდენტი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევით ვიზიტებს, მან განახორციელა ვიზიტი, რომელიც არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. ეს არის მისი სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ მიიწეროს საქართველოს დამსახურება კანდიდატობის სტატუსის მონიჭების შესახებ და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გაგზავნოს მესიჯი, რომ სწორედ ის არის პირი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება. ძალიან ცოტა მეგულება საქართველოში ადამიანი, ვისაც ამის სჯერა, თუმცა პრეზიდენტი აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს. ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას და უპატივცემულობის გაზრდას სააზოგადოების მხრიდან, რადგან პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც ხელს უნდა უწყობდეს დეპოლარიზაციას, ვინც პირველ რიგში, პატივს უნდა სცემდეს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას. ყველაფერ ამას პრეზიდენტი აკეთებს პირიქით, ჩემთვის გაუგებარია მისი მოქმედების მიზანი, გარდა იმისა, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა მისი ნათქვამის, დაანახოს, თითქოს ის რამენაირად მონაწილეობს სტატუსის მიღებაში", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებიდან გამომდინარე, მასთან სამომავლოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა რთულად წარმოუდგენია.

„ჩვენ პრეზიდენტს მოვუწყვეთ იმპიჩმენტი, უმრავლესობამ მას გამოუცხადა იმპიჩმენტი. ანუ, მას ჩვენი მხრიდან უკვე ნდობა აღარ აქვს. ასე რომ, ძალიან რთულად წარმომიდგენია, რანაირად უნდა იყოს ჩართული იგი სახელმწიფოს შემდგომ საქმიანობაში ან რა ტიპის კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, როცა ჩვენ გასული წლის განმავლობაში დავრწმუნდით მის დესტრუქციულ ქმედებაში და იმაში, როგორ მავნებლობს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. მისი განცხადებები, კონსტიტუციის დარღვევა, ყველაფერი არის ამის ნათელი დადასტურება. ამიტომ ძალიან რთულად წარმომიდგენია შემდგომში თანამშრომლობის გაგრძელება კონსტრუქციულად, თუმცა თუ იგი შეინარჩუნებს იმ პირობებს, რომ არ დაარღვიოს კონსტიტუცია და იმოქმედოს მკაცრად კონსტიტუციის ფარგლებში, ალბათ იქნება სივრცე, რათა რაააც ტიპის თანამშრომლობა იყოს. მისი დღევანდელი ვიზიტი ცხადყოფს, რომ არ აპირებს, დაიცვას კანონის უზენაესობა და ქვეყნის ინტერესებით იმოქმედოს", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი.

„რაც შემეხება მე პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×