რეზონანსი
03.11.2023

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კანონს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელი მოაწერა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ ოქტომბერში მიიღო.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატები: - დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, "კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×