რეზონანსი
03.11.2023

2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში 392 მლნ 401 ათასი დოლარის ღირებულების 9 448 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში წლიურად მედიკამენტების იმპორტი ღირებულებაში თითქმის 100 მლნ დოლარით, 32.4%-ითაა გაზრდილი, იმპორტირებული საქონლის მოცულობა კი მხოლოდ 2.3%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საიმპორტო ბაზრებზე მედიკამენტების ღირებულება გაიზარდა.

საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო, საიდანაც წლიურად იმპორტი ღირებულებით 102.7%-ით, მოცულობით კი 165.7% გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის შემდეგ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არსებობდა, თუმცა თუ მხოლოდ 9 თვის მაჩვენებელს შევადარებთ თურქეთიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების გაორმაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ ე.წ. თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო*.

თურქეთიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში მედიკამენტების იმპორტის სტატისტიკა ასეთია:

2019 წელი - 64. 4 მლნ დოლარი, 1 025 ტონა;

2020 წელი - 32.7 მლნ დოლარი, 383 ტონა;

2021 წელი - 33.3 მლნ დოლარი, 324 ტონა;

2022 წელი - 51.3 მლნ დოლარი, 748 ტონა;

2023 წელი - 1041. მლნ დოლარი, 1 989 ტონა.

რაც შეეხება მედიკამენტების სხვა იმპორტიორ ქვეყნებს, მათი TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

თურქეთი - 104.1 მლნ დოლარი, 1 989 ტონა;

შვეიცარია - 46 მლნ დოლარი, 311 ტონა;

გერმანია - 28.3 მლნ დოლარი, 318 ტონა;

საფრანგეთი - 23.5 მლნ დოლარი, 113 ტონა;

ინდოეთი - 13.8 მლნ დოლარი, 752 ტონა;

სლოვენია - 12.8 მლნ დოლარი, 158 ტონა;

ლიეტუვა - 10.6 მლნ დოლარი, 199 ტონა;

იტალია - 9.3 მლნ დოლარი, 189 ტონა;

ნიდერლანდები - 7.9 მლნ დოლარი, 89 ტონა;

ბულგარეთი - 7.6 მლნ დოლარი, 355 ტონა.

გარდა მთავარი იმპორტიორი ბაზრებისა, დაფასოებული საშუალებები საქართველოში პოლონეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, არგენტინიდან, კორეის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის.

* 2022 წლის მარტიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვება მოხდა. ანუ ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. ამ გადაწყვეტილებას მთავრობაში „თურქეთის ბაზრის გახსნას" უწოდებენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ თურქეთი წლების განმავლობაში საქართველოსთვის მედიკამენტების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი იყო.

აღსანიშნია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში 2022 წლამდე თურქეთი არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა, რის გამოც ჩამონათვალში ვერ ხვდებოდა. გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მთავრობის მეთაური ირწმუნებოდა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვიდოდა და მოქალაქეებს ხარჯი შეუმცირდებოდათ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კი საქართველოს მთავრობამ, 2023 წლის პირველი იანვრიდან წამლებზე რეფერენტულ ფასები დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელია.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×