რეზონანსი
03.11.2023

ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ კეთდება ჩვენი მოსახლეობისთვის და მიმართულია ქვეყნის განვითარებისთვის. შევეცადე ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა, რითაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების და უწყების საქმიანობის შესახებ, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრი გამოეხმაურა ოპონენტების გამოსვლებს და აღნიშნა, რომ როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციასა და გაფლანგვაზე ვერასდროს მოჰყავთ დამადასტურებელი ფაქტები.

„2018 წლიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტში ვიყავი და დღემდე არაფერი წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენენ, რადგან ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ლაპარაკობენ კორუფციაზე, ტენდერებზე, მაგრამ კონკრეტული არგუმენტი იმისა, რომ რომელიმე ტენდერი არის რაღაც ისეთი პირობით, სადაც შეზღუდული აქვთ მონაწილეობა პოტენციურ პრეტენდენტებს არ არსებობს. საუბარია გაფლანგვაზე და გაფლანგვას ეძახიან იმ საკითხებს რაზეც ჩვენ არბიტრაჟები გვაქვს მოგებული. ავხსენი როგორი პროცესით ტარდება ტენდერები 2013 წლიდან. არის ტენდერი , ხელშეკრულება , სასამართლოც მუშაობს , არც არავინ იჩაგრება და ვმუშაობთ ამ რეჟიმში"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრი, ასევე გამოეხმაურა დეპუტატის განცხადებას ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის კვლევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თითქოს ქვეყნის ინფრასტრუქტურა არცთუ სახარბიელო პოზიციაზეა და აღნიშნა რომ ყველა კვლევას შესაბამისი მეთოდოლოგია აქვს , რომელიც ეფუძნება ოფიციალურ სტატისტიკას, რისთვისაც მიმართავენ შესაბამის კვალიფიციურ ორგანოებს ინფორმაციის მოსაგროვებლად, თუმცა ამ კვლევის ფარგლებში არავის გამოუთხოვია უწყებიდან ინფორმაცია, ამიტომ უცნობია რას ეფუძნება ის.

„არ მინდა ვინმემ გაიგოს , რომ თითქოს კვლევას ვაკნინებ, უბრალოდ არ არსებობს ინფორმაცია, თუ რაზე დაყრდნობით არის ის ჩატარებული"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრის თქმით, დღევანდელი ანგარიში არის იმის საფუძველი რომ 2024 წელი იყოს კიდევ უფრო ნაყოფიერი, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებულად განხორციელდეს, რომლის შედეგადაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტ განვითარებას მიაღწევს.

მომდევნო კვირას გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფების გზაზე მივიღებთ სტატუსს, ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს. გამორჩეულად იმ დარგზე ვიტყოდი, სადაც პირადად ვარ ჩართული, ნამდვილად დიდი პროგრესი არის მთელი რიგი მიმართულებებით, ისევე როგორც ზოგადად მთელ ქვეყანაში . აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ყველა ის გზა, რომლებიც კეთდება, ინფრასტრუქტურული პროექტი , ინსტიტუციური გაძლიერება, დეცენტრალიზაცია და რეგიონული განვითარება არის სწორედ ის წინაპირობები რომლითაც ჩვენ არა მხოლოდ სტატუსისთვის, არამედ ევროკავშირის წევრობისთვისაც ვიქნებით მზად", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×