რეზონანსი
02.11.2023

აბაშიძე-კარასინის საუბარი აისბერგის ზედა ნაწილია, ქვემოთ რა ხდება, ღმერთმა უწყის და იქ ხდება ყველაფერი საშინელება , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რითაც „იუთუბზე" გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, გადაწყვეტილებები „აისბერგის ქვედა" ნაწილში მიიღება და მხოლოდ ამის შემდეგ ადის კარასინი-აბაშიძის დონეზე.

„მორიგი მტკიცებულებაა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის კავშირებია, მაგრამ ზურაბ აბაშიძე ამის ფორმალური მხარეა. ის, რომ ზურაბ აბაშიძე კარასინს ელაპარაკება, აღიარებულია, დადასტურებულია და ამაში ფულიც იხარჯება - ხელფასი ზურაბ აბაშიძის. კარასინს რომ ელაპარაკება, ამაში განსაკუთრებული არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს კულუარული, უფრო მჭიდრო კონტაქტები რუსეთსა და საქართველოს შორის და აბაშიძე არის უბრალოდ მისი ვიტრინა, წარმოაჩენს ამ ურთიერთობებს. აისბერგის ზედა ნაწილია, ქვემოთ რა ხდება ეს ღმერთმა უწყის და იქ ხდება ყველაფერი საშინელება. რაღაც გადაწყვეტილება მიიღება აისბერგის ქვედა ნაწილში და შემდეგ უკეთეს შემთხვევაში, ადის უკვე აბაშიძე-კარასინის დონეზე, უარეს შემთხვევაში არც კი იცის ზურა აბაშიძემ რა ხდება სინამდვილეში მოსკოვსა და თბილისს შორის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა

გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" პაატა ზაქარეიშვილი ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობასაც გამოეხმაურა, რომელსაც ასევე, რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, დავითაშვილს რომ ფორუმი დაეტოვებინა, ეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს გააფუჭებდა.

„აქ არის პროტოკოლური ამბავი. ეს ხდება ჩინეთში. მიუხედავად ყველაფრისა ჩინეთის აქართველოს სანდო პარტნიორია. ჩინეთია არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, 5 სახელმწიფოდან ერთ-ერთი, რომელიც, როგორც წესი, არასდროს საქართველოს წინააღმდეგ ხმას არ აძლევს და ხშირ შემთხვევაში არის ნეიტრალური ანუ საქართველოს წინააღმდეგ არ მუშაობს. ამიტომ ეს დემარში, რომ ამდგარიყო დავითაშვილი და გასულიყო, ვიღაცებს საქართველოში გულს დაფხანდა, მაგრამ გააფუჭებდა ურთიერთობებს ჩინეთთან. მოგიწვიე, ამხელა ღონისძიებაა, ვიღაც პუტინის გამო ჩემს, ჩინეთის რეპუტაციას ანგრევ? - დავითაშვილს არ ეხება ეს, ეს არის პროტოკოლის ამბავი. შენ თუ ხარ მინისტრი და გუნდის წევრი, უნდა ასრულებდე გუნდის წესებს და თუ არ წერია პროტოკოლში, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი თუ იმყოფება საერთაშორისო ღონისძიებაზე, სადაც იმყოფება რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური პირი, უნდა დატოვოს, ვერ დატოვებს. ის თავის თავს კი არ წარმოადგენს, წარმოადგენს სახელმწიფოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×