რეზონანსი
30.10.2023

ქალბატონი სალომე მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება, რომ პრემიერს ან სურს, ან არ სურს ევროპაში ქვეყნის ინტეგრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალურ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო ქვეყნის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში.

„მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა იმის შესახებ, რომ ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები", - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლო ახალი პარტია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, განწირულია მარცხისთვის.

„ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო ახალ პარტიასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ასეთი გეგმები არსებობს. ასეთ პოლიტიკურ პარტიას არავითარი ცვლილების შეტანა არ შეუძლია პროცესში. ეს პარტიაც განწირული იქნება ხუთპროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის. გამორიცხულია, ასეთმა პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. ნახეთ, რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი, არც ქარიზმა ჰქონდა და უამრავ შეცდომას უშვებდა წინასაარჩევნო განცხადებებში. არ გამოვრიცხავთ, ასეთი გეგმები სადღაც იყოს მოაზრებული", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×