რეზონანსი
30.10.2023

დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირს სრულყოფილად ვუფინანსებთ როგორც სამედიცინო ჩარევებს, ასევე მედიკამენტებს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებას დაემატა ქირურგიული ჩარევების მიმართულება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი, რომელიც 25 000 ლარს შეადგენდა, არ გაზრდილა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თანხები იზოგება MEA-ს ტიპის კონტრაქტებით, რაც ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვას გულისხმობს.

„დასაფინანსებელ ონკოლოგიური პაციენტების სიას დავამატეთ 40 000-ზე მეტი შემოსავლების მქონე ადამიანები. მათ სრულად ვუფინანსებთ მომსახურებას. ერთი ნიუანსი იყო ონკოლოგიურ ქირურგიასთან დაკავშირებით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული ლიმიტის ფარგლებში, პირს სრულყოფილად ვუფინანსებთ როგორც სამედიცინო ჩარევებს, ასევე მედიკამენტებს. ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს 40 000-ლარამდე შემოსავლების მქონე ადამიანების საჭიროებებს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანების შემთხვევაში კი გავაკეთეთ გამონაკლისი და 40 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სხვადასხვა საჭიროებას დავუფარავთ. კონკრეტული ცვლილება შეეხება ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც არ იყო პროგრამაში.

ლიმიტი ამ ეტაპზე არ გაგვიზრდია, თუმცა ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ ლიმიტის ფარგლებში გაცილებით მეტი შესაძლებლობა იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ლიმიტი საერთოდ მოიხსნას ან საჭიროების მიხედვით, რამდენიც დასჭირდება ადამიანს, იმდენი დავუფინანსოთ. ამ შემთხვევაში, ლიმიტი იგივე რჩება, მაგრამ MEA-ს ტიპის კონტრაქტით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და დიდი თანხის დაზოგვა ხდება, რითაც სხვადასხვა საჭიროებას დავაფინანსებთ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×