რეზონანსი
28.10.2023

120 ქვეყანა ჰუმანიტარული ზავის მოთხოვნით გამოდის, სურვილი დოკუმენტადაც აქციეს. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში "დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ" მოუწოდებს.

14-პუნქტიანი რეზოლუციის ტექსტი, რომელიც იორდანიამ წარმოადგინა, ასევე მოითხოვს სისასტიკის შეწყვეტას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლასა და ტყვეების გათავისუფლებას. შინაარსის იდეა ყველამ არ გაიზიარა, მოწინააღმდეგეებს საკუთარი არგუმენტები ჰქონდათ.

ამჯერადაც, რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს და არა მთავარ ორგანოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. თუმცა მთავარი, რაც არაბული სამყაროს მიერ ინიციირებულ დოკუმენტზე კენჭისყრამ აჩვენა, ისაა, რომ 120 ქვეყანა დაუყოვნებლივ, გრძელვადიან და ხელშესახებ ჰუმანიტარულ ზავს მოითხოვს, რაც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეჩერებასაც გულისხმობს.

იმ 45 სახელმწიფოს შორის, რომელმაც კენჭისყრისგან თავი შეიკავა, საქართველოც იყო. დოკუმენტის 14 მოწინააღმდეგეს შორის კი - აშშ. კანადამ კი ტექსტში შესწორება მოითხოვა, ერთ-ერთი მთავარი კი ის იყო, რომ საზავო ტექსტში "ჰამასი" ნახსენები არ იყო. შესწორება ჩავარდა.

14-პუნქტიანი რეზოლუციის ტექსტში ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია რეგიონულმა მოთამაშეებმა თავი შეიკავონ, რათა მასშტაბური დესტაბილიზაცია გამოირიცხოს.

იმ ფონზე, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირებული "ჰამასი" და ისრაელი სამხედრო მოქმედების შეწყვეტას არ აპირებენ და რეგიონში ცეცხლი აქტიურად იხსნება - სამშვიდობო პროცესები წარმოუდგენლად გამოიყურება. ამ ეტაპზე, ნაკლებია იმის მოლოდინიც, რომ დოკუმენტი ახლო მომავალში შეცვლის რამეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×