რეზონანსი
26.10.2023

გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა - ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მათი წევრები, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე "ქართულმა ოცნებამ" მოისყიდა და გადაიბირა.

„ქართული ოცნება" კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით, დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას.

სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული ადამიანების რეპუტაციას. ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის.

სწორედ ამიტომ, 2023 წლის 26 ოქტომბერს, პარტიამ „საქართველოსთვის" მიიღო გადაწყვეტილება, ,,ქართული ოცნების" მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრები - ქ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე გარიცხოს პარტია „საქართველოსთვის" რიგებიდან!

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.

ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში, ძალიან მკაცრი იქნება! სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ" კომფორტულად მოირგო მმართველობის და პოლიტიკური ბრძოლის ის მახინჯი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისგან.

პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას" პარტია „საქართველოსთვის" მიაჩნია ყველაზე რეალურ ძალად, ვინც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი ხელისუფლებიდან მშვიდობით გაცილებას და ნაციონალურ მოძრაობასთან მათი შეხმატკბილებული პოლიტიკური თანაცხოვრების დასრულებას, - წერს პარტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×