რეზონანსი
22.10.2023

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი თანამდებობის პირია. ის რჩება მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად და ჩვენი მხრიდან მის მიმართ გარკვეული რიტუალები აღარ შესრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას უმრავლესობა მისთვის ფეხზე აღარ წამოდგება და ეს ეთიკის წესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი თანამდებობის პირია. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჭირდება იმ რიტუალების შესრულება, რომელსაც მანამდე ვასრულებდით. როგორიც არის, მაგალითად, ფეხზე წამოდგომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მისი შემოსვლის დროს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამაზე აისახება. ბუნებრივია, ეს არ არის ეთიკის წესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის იმ რიტუალის არ შესრულება, რომელიც სრულდებოდა სრულფასოვანი პრეზიდენტის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ის რჩება მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ჩვენი მხრიდან ასეთი რიტუალები აღარ შესრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×