რეზონანსი
18.10.2023

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანში ხიდი აშენდა. თითქმის 40 წლის  განმავლობაში იდლიანი და მიმდებარე სოფლებში ხიდის უქონლობის გამო მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევდა სარგებლობა. 

1984 წელს, როდესაც ენგურჰესის წყალსაცავი დაიტბორა, იდლიანის ხიდიც ჩაიტანა. მას შემდეგ მოსახლეობა ახალი მის გახსნას ითხოვდა, რომელიც მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან“  ისაუბრა ბეჟან ჭკადუამ, იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელმა, რომელმაც ხიდის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,ზუსტად 39 წელი ვიცხოვრეთ ხიდის გარეშე, რაც ასობით ადამიანისთვის დიდი დაბრკოლება იყო. მოსახლეობა ყოველწლიურად ითხოვდა ხიდის მშენებლობას და გადაადგილების პრობლემის მოგვარებას, თუმცა აქამდე  ვალდებულებას არავინ იღებდა. ძალიან დაგვეხმარა მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მხარის რწმუნებული ვიქტორ ჯაფარიძე და დეპუტატი სოზარ სუბარი, რომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. 1984 წელს, როცა ენგურჰესის წყალსაცავი დაიტბორა,  ჩვენი ხიდი ჩაიძირა, მას შემდეგ შემოვლითი  გზით ვსარგებლობთ. ბევრს მივმართეთ, მაგრამ რატომღაც ვერ გაკეთდა.  ჯერ არეული დრო იყო ჩვენს რეგიონში, ხიდზე არავის ეცალა.  ახლა უკვე ახდა იდლიანის ოცნება და თვის ბოლოს ახალ ხიდს საზეიმო ვითარებაში ჩაგვაბარებენ. მთელი სოფელი აღფრთოვენებულია“, - აღნიშნა ბეჟან ჭკადუამ.

იდლიანის ხიდი უსაფრთხოების სტანდარტს მაქსიმალურად შეესაბამება. 

,,ყველა ნორმის დაცვით გაკეთდა. ჩვენი სოფელი მდებარეობს ენგურის მარჯვენა სანაპიროზე. ცენტრალური საავტომობილო გზა მარცხენა სანაპიროზეა  და შემოვლითი გზით გვიწევდა გადასვლა. მარტივად არ იყო საქმე, 39 წელიწადი ვწვალობდით. 8-10 კილომეტრის გავლა გვიწევდა იმის გამო, რომ სოფელს ხიდი არ ჰქონდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო“, - აღნიშნა ბეჟან ჭკადუამ. 

წლების განმავლობაში იდლიანში არსებულ პრობლემასა და ხიდის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,რეზონანსთან“ იდლიანის მკვიდრმა, აფხაზეთის ომის მონაწილემ, პოლკოვნიკმა მაიზერ გელოვანმა.

,,იდლიანის სამანქანო ხიდი ათეული წლების წინ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის აშენების შემდეგ დატბორილი წყლის ქვეშ მოექცა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი სოფლის მოსახლეობის ტანჯვა. ხალხი შემოვლით გზაზე დადიოდა ათეული წლების განმავლობაში. ვის არ მივმართეთ წერილობით, იყო საპროტესტო აქციებიც, მაგრამ ჩვენი სოფლის მოსახლეობის თხოვნა ყურად არავინ იღო.

დიდი ბრძოლის შემდეგ გასულ წელს მოულოდნელად დამირეკა სოზარ სუბარმა და მახარა, რომ იდლიანის სამანქანო ხიდის საკითხი დადებითად გადაწყდაო. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია იყო. მალე მართლა დაიწყო ხიდის მშენებლობა და ახლა უკვე დასრულების პირასა. 

ძალიან ლამაზი სოფელია თავისი მრავალფეროვნებით. გარშემო ლამაზი მთები აკრავს. ახლოს ჩამოედინება სუფთა მთის მდინარეები, რომი და კვაკვა. საინტერესოა 20 კილომეტრის მანძილზე ლეგენდარული ვერცხლის ტბა, რაზეც უამრავი საინტერესო ამბები არსებობს. ტურიზმის განვითარებისთვის ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილია.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ყურადღებით მოეკიდა იდლიანის მოსახლეობის ასეთ მნიშვნელოვან საკითხს. განსაკუთრებით პარლამენტის წევრებს, სოზარ სუბარს და ვიქტორ ჯაფარიძეს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს, სოფლის გამგებელს, ბეჟან ჭკადუას, რომელიც არ დაიღალა და ბოლომდე იბრძოლა იდლიანის სასიკეთოდ“, - განაცხადა მაიზერ გელოვანმა.

იდლიანის ხიდის მშენებლობის ინვესტიცია დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს შეადგენს. სოფელს 400-მდე მაცხოვრებელი ჰყავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×