რეზონანსი
18.10.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ნოემბრიდან სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3-დან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება.

განცხადება ამის შესახებ მან ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ის გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლამდე გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის კვლავინდებურად 4 წლამდე გაზრდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რისკების კუთხით, 4 წლიანი მაქსიმალური ვადიანობა სავსებით ჯანსაღია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის განმარტებით, სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ეროვნულმა ბანკმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე 2022 წლის აგვისტოში შეამცირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×