რეზონანსი
18.10.2023

"ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო" - ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.

"ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად, როგორც გვიყვარს ზოგს, ისტორიაში, იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. და ამით თქვენ თავს იწონებთ, სხვა არაფერში, და ამაში, ვითომც და ამ პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი 16 ოქტომბრის საკონსტიტუციო გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.

საკონსტიტუციო სასამართლო რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში", - თქვა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, ნიშანდობლივია ის, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×