რეზონანსი
18.10.2023

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდისთვის, პირადად ჩემთვის, დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების შესახებ ცნობილია და მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით კარგად მესმის ადგილობრივი მოქალაქეების. ჩვენ მოვახდინეთ ყველა პრობლემის იდენტიფიცირება და უმნიშვნელოვანესი პროექტები დავგეგმეთ, რაც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოები შეამცირებს განთავსებული ნარჩენების რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას.

EBRD-მ დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია (Enviroplan S.A. - „ენვიროფლან ეს ეი"), რომლის კონსულტანტებმაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარეს ყველა საჭირო კვლევა. კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი დაიწყება პროექტის განხორციელება.

ასევე, EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის ( აი სი ფი) დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა. ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი.

გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც EBRD-ის ეგიდით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის განმავლობაში დასრულდება.

აქვე ინფორმაციისთვის აღვნიშნავ, რომ დიდი ლილოს პოლიგონი ფუნქციონირებს 2010 წელს გაცემული ნებართვის შესაბამისად. ნაგავსაყრელი შედგება 3 უჯრედისაგან, პირველი და მეორე უჯრედი სრულად შევსებულია. ამ დროისთვის ფუნქციონირებს მესამე უჯრედი, სადაც მიმდინარეობს ნარჩენების განთავსება, გაცემული ნებართვის შესაბამისად. ხდება ნარჩენების კომპაქტირება და ყოველდღიურად გადაფარვა. ვინაიდან უჯრედებს აქვს თავისი ტევადობა, იგეგმება მეოთხე უჯრედის მოწყობა (10 ჰექტარზე), რომელზეც საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად მომზადებულია პროექტი. 2010 წელს გაცემული ნებართვის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო სწორედ ოთხი უჯრედის მოწყობა", - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×